ეზო იყო და არის ურთიერთობა

ავტორი: ნიკო ნერგაძე

19 ივნისი, 2018

10 წუთის წასაკითხი

16 ნახვა

როგორც წესი, მუსიკალური ფესტივალის მთავარ ღირსებას მისი ჰედლაინერები წარმოადგენს. ცნობილი სახელები, სახელგანთქმული ბენდები თუ დიჯეები... ფესტივალზე მიდიხარ, რომ ნაცნობ მუსიკას მოუსმინო, ან ახალი აღმოაჩინო.

ეზო ეგეთი ფესტივალი არ არის.

არა, რა თქმა უნდა კარგ მუსიკასაც მოისმენ და სცენასთან ნაცნობ შემსრულებლებსაც დაინახავ, მაგრამ აქ კონკრეტული დიჯეისთვის არ უნდა ამოხვიდე. დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვინ „დგას“ - ქართველი, ნაცნობი დიჯეი თუ ჩიკაგოელი ლეგენდა Chez Damier.

ეზო, პირველ რიგში, განწყობაა - მხიარულების, გართობის, მეგობრებთან ურთიერთობის...

ფესტივალი წელს მეოთხედ ჩატარდა და წელს საუკეთესო ადგილმდებარეობა შეარჩიეს - მთაწმინდაზე, პარკის ცოტა ზემოთ. თბილისია, მაგრამ აქ ამოსასვლელად ცოტა ჯაფა გიწევს და ეგ ხიბლს მატებს - რაღაცით ერთგვარი ლაშქრობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

კი, შეგიძლია მანქანით ახვიდე, მაგრამ ეგ, ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილებაა. ბოლომდე მაინც ვერ ახვალ, ქვემოთ უნდა დატოვო და მერე ფხიზლად იყო. არავის საქმეში არ ვერევი, მაგრამ რატომ უნდა გააკეთო ეგრე, როდესაც საბაგირო მთელ ღამეს მუშაობს.

ფუნიკულიორიდან კი ნახევარ საათში ერთხელ გადის უფასო ავტობუსი, რომელიც 15 წუთში თითქმის კარებთან მიგიყვანს.

ყველაზე ჭკვიანური კი მთაწმინდის პარკიდან ფეხით ასეირნებაა. ოც წუთამდე უნდა, მაგრამ ეგეც განწყობას გიქმნის.

გზაში მოეშვები. ნელ-ნელა შორდები ქალაქის ხმაურს და ცოტა ხანს სიჩუმეში მიდიხარ. მთაწმინდის პარკს გაცდები და სიჩუმეში მისეირნებ, გვერდით კი შემოღობილი უცნაური პატარა ოფისებს ხედავ, რომლებსაც თავზე სატელიტური თეფშები ადგას და წინ წარწერა უკიდიათ: „აღკვეთილი ზონა! შესვლა აკრძალულია!“

სიჩუმეს სულ მალე არღვევს შორიდან მომავალი ბასის „ბუმ ბუმ ბუმ“. 200 მეტრში კი „აღკვეთილი ზონის“ ანტიპოდი გხვდება. „ხალისის ზონა?“ „გულაობის ზონა“? ქართულ ენას ამის ბევრი კარგი შესატყვისი არა აქვს. აწყვეტა. მოშვება. „ფართი“...

კი, დასაწყისში ვთქვი, რომ მუსიკა აქ მეორეხარისხოვანია მეთქი, მაგრამ, ცხადია, ეგ ბოლომდე სწორი არ არის. მუსიკა თუ არ ვარგა, არც განწყობა იქმნება და არც დანარჩენი არაფერი გამოვა.

ამიტომ, მოდი შევიდეთ ფესტივალზე, მცირე ხნით გადავახტეთ ხალხით გაჭედილ ბილიკს (რაც ადვილი საქმე არ არის, გზად ნაცნობ-უცნობს ესალმები, გარემოს ათვალიერებ...) და პირდაპირ ბოლოსკენ, სცენაზე გავიდეთ.

სცენაზე კი ერთმანეთს ენაცვლებიან სახელოვანი ევროპელი დიჯეები და ადგილობრივი რეზიდენტები.

იცით რა? თუ არ იცი ვინ დგას, მარტო მოსმენით ვერც გაარჩევ სცენაზე „ჩვენიანია“ თუ მოწვეული ვარსკვლავი. ძალიან კარგი იყო Steve Bug, მაგრამ ჩვენში დარჩეს, და დათო გაბუნიაც არ იყო ნაკლები.

La Fleur შეიძლება სახელგანთქმულ „უოტერგეიტის“ კლუბში უკრავდეს, მაგრამ რატი რამიშვილიც არაფრით ჩამოუვარდებოდა. კი არის Chez Damier ლეგენდა, მაგრამ... ჰო, კარგი, ზედმეტებიც ნუ მოგვივა. ეგ კი ცალსახად ყველაზე მაგარი იყო.

მაგრამ, ეს შედარებებიც არასწორია და, პრინციპში, ფესტივალის სულისკვეთებას საერთოდ არ შეესაბამება. ეზოს მთელი მუღამი ისაა, რომ იქ შემფასებლის თვალით არ დგახარ და წარმოსახვითი დიჯეების კონკურსის ჟიურის როლი არ გაქვს მორგებული.

ეზო დიჯეების შეჯიბრი არ არის. იქაურობის მთელი მუღამია, რომ აღარ მიაქციო ყურადღება, ვინ დადგა და ვინ წავიდა. მუსიკა სულ კარგია. კარგი კი არა, ლამის უნაკლოა. შეგიძლია ტვინი გათიშო და დიჯეიზე აღარ იფიქრო. ის აქეთ იფიქრებს შენზე. Turn on, tune in, drop out.

დენსფლორზე შესულმა შეიძლება დილამდე იქ დაჰყო. მაგრამ, ამ ფესტივალისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად დროდადრო უნდა გამოძვრე კიდეც.

კი, კარგი მუსიკაა და გენანება, მაგრამ მერეც კარგი იქნება, არსად არ მიდის. იქ კი უამრავი სხვა სიამოვნებაც გელოდება.


ახლა თავიდან შევიდეთ ფესტივალზე. თავიდან ავუყვეთ იმ პატარა აღმართს, ოღონდ, ამჯერად სცენის ნაცვლად ბილიკის გასწვრივ, მარჯვნივ და მარცხნივ მოწყობილი სივრცეებიც ავითვისოთ.

ცოტა მოგშივდებოდა - როგორც მსგავს ფესტივალს ეკადრება, აქაც ნახავ რამე კბილის გასაკრავს. თუ დალევა გინდა, სამაგისო ადგილებიცაა.

მაგრამ, ფესტივალის ცალკე ხიბლი აქა იქ შემალული, „მოტეხილი“ ადგილებია. „ლავკის“ გვერდით ჩამოკიდებული რამდენიმე ჰამაკი და საქანელა...

პატარა ბილიკი, რომლის ბოლოშიც წამოსაწოლი დივანია, სადაც ხან ერთი წვყვილი დაგხდება ჩახუტებული და ხან მეორე... უცნაური რკინის კონსტრუქცია, სადაც შეგიძლია აძვრე, წამოწვე, ცას უყურო და სიყვარულზე იფიქრო.

სხვა ბილიკი, რომლის თავზე ხის პლატფორმასავით რაღაცაა, საიდანაც ქალაქს გადახედავ. იმსიმაღლეზე ხარ, რომ სატელევიზიო ანძას ზემოდან დაჰყურებ, ქვემოთ კი თბილისი ციმციმებს. შორიდან განსაკუთრებით ლამაზი ჩანს.

თენდება, მაგრამ ამითი არაფერი მთავრდება. პირიქით. ყველაზე კარგი ეზოში დილაა.

შეიძლება მეორე სუნთქვა გაგეხსნას და ახალი ძალებით შეუტიო დენსფლორს. შეიძლება, პირიქით, ურთიერთობა მოგინდეს.

თუ მეგობრები იპოვე, ხომ კარგი, თუ არადა, მაგასაც არა უშავს. ფესტივალზე, დილისკენ ნაცნობ-უცნობი აღარ არსებობს. ყველა მეგობარია.

დილისკენ, ეზოში ერთი ტომის ხალხი დგახართ.

ავტორი: ნიკო ნერგაძე

ფოტოები: თორნიკე შენგელია

მსგავსი ბლოგები