Erast ‎– Goodair + Minimissing

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

12 ოქტომბერი, 2020

10 წუთის წასაკითხი

3 ნახვა


პირველი ორი ალბომის გამოშვების შემდეგ, ნიკა მაჩაიძის მუსიკას გზა სხვა ლეიბლებისკენაც გაეხსნა, შესაბამისად ახალი სასცენო სახელის დროც დადგა - Erast-ის სახით (ბორის აკუნინის ისტორიული დეტექტივის გმირის, ერასტ ფანდორინის ინსპირაციით) ახალი პერსონაჟი შეიქმნა.

„Laboratory Instinct“ - ლეიბლი სადაც Erast-ის ალბომები გამოვიდა, მცირე კატალოგის მქონე, თუმცა მდიდარი მუსიკალური ოჯახის მქონე პლატფორმა იყო, მოიცავდარა Guy Called Gerald-ის, Daedelus-ის, და Atom™-ის ალბომებს.

„GoodAir” 2003 წელს მინიალბომის სახით გამოვიდა, ამას შემდგომ წელს მოჰყვა „Minimissing“-ის 12“-იანი სინგლიც, საბოლოოდ კი ლეიბლმა ორივე რელიზი კომპილაციურ ალბომში გააერთიანა, რომლის მასტერინგზეც, ლეგენდარული „Dubplates & Mastering“-ის ინჟინერმა, რაშად ბეიქერმა იმუშავა. ალბომი 2020 წელს CES Records-მა თავიდან გამოსცა.

ყველაფერს „Argentina” ხსნის, მოკლე მელოდიურ პასაჟს, თან გასდევს აბსტრაქტული ბიტი - ყოველთვის, ყველასგან რომ გამოარჩევ და პირდაპირ ნიკასთან რომ მოდის ასოციაცია. აქვეა, სავარაუდოდ რომელიმე არგენტინული ფილმიდან ამოღებული დიალოგი, რომლის პირველადი წყაროს დადგენაც ჭირს. პირველადი მელოდია ფორმას ხვეწავს და თავისებურად ვითარდება. „Goodair“-ის მუსიკალური თემა იგივე რჩება, დასაწყისში „მოგუდული“ ბიტით, რომელიც ბოლოსკენ ბრეიქბიტის მაგვარ სახეს იღებს.

„Masa“ ჩემთვის ალბომის ფავორიტია - კომპოზიცია ყოველგვარი შემზადების გარეშე, დასაწყისიდანვე ქაოსში გახვევას გთავაზობს - თან ისეთში, თავად ქაოსის მეფეს, Venetian Snares-საც რომ შეშურდებოდა. Masa მასიურია, რომელზეც ცნობიერში ფიქრები ისე იცვლება, როგორც მაიმუნები დახტიან ტოტიდან ტოტზე. აქ რიტმის დომინანტია, თუმცა კომპოზიციის ბოლოში, მელოდია ჩვენს დამშვიდებას მაინც ცდილობს.

„Voronej“ - ნიკას დისკოგრაფიაში უკვე მეორე რუსული ქალაქის დასახლებაა, რომელსაც ცალკე ტრეკი მიეძღვნა (ოდესმე მეც გავიგებ მათ უკან მდგარ იდეას). Whosampled-ის მიხედვით, აქ Sqaurepusher-ის „Rustic Raver“-ის სემპლია გამოყენებული, ჩემი ასოციაციით კი ორივე „Amen Breaks“-ის იმეორებს. 

Apxgit“ -ში ამოვარდნილი რიტმი ციფრული ეფექტების დახმარებით, თითქოს რაღაც მელოდიის მოხაზვასაც ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. „Goodair (FreeForm Remix)“ - ბრიტანელი მუსიკოსის საიმონ პაიკის რემიქსია, უფრო გამოკვეთილი, სახელოვანი ბიტით - თუმცა მე უპირატესობას მაინც ორიგინალს მივანიჭებდი. „Minimissing 5“ ალბომის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე და შედარებით სევდიანი ნაწილია. 

„Movie I’ll Never Shoot“ - საინტერესო მელოდიას ანვითარებს, რაც ნიკას მუსიკის ყველაზე საინტერესო მხარეა ყოველთვის, თუმცა ამ ტრეკში დრამ პატერნიც არანაკლებ შესამჩნევია. საინტერესო იქნებოდა ამ ჩაფიქრებული ფილმის გადაღება და იმის ნახვა რამდენად შეეთავსება მუსიკისგან მიღებულ ჩვენს წარმოდგენებს. „Poema“ - ექსტრა ციფრული ექსპერიმენტია, რომელსაც რაიმე გამოკვეთილი სტრუქტურა არ გააჩნია, თითქოს მის უკან სხვადასხვა მუსიკალურ ღილაკზე მანიპულირებით ბავშვი თამაშობსო.

„Minimissing 6“ - ალბომიდან ჩემი მეორე ფავორიტია, რომელთანაც ყოველთვის განსაკუთრებული ემოციური ბმა მქონდა. თუ ნიკას ამ პერიოდის მუსიკას კარგად დაუკვირდებით, მიხვდებით რომ ხმები (უმეტესად სიმებიანი), რომელსაც ის იყენებს, სხვადასხვა კომპოზიციაში მეორდება, თუმცა თავის მხრივ სრულიად ახალ, უნიკალურ მელოდიას აგებს.

„Georgianintokyo“ - საქართველოსა და ტოკიოს შორის ხმოვანი ხიდის აგებას ცდილობს, ორი რადიკალურ განსხვავებული კულტურის შეხამების მცდელობა მუსიკაშიც მკვეთრად იგრძნობა. 2003 წელს გამოვიდა ნატალია ბერიძის პირველი ალბომი „Georgia Is Like Spiritual Tokyo“, მუსიკა სალომე მაჩაიძის ფილმისთვის, სავარაუდოა რომ აღნიშნული კომპოზიციაც ფილმთან არის კავშირში.

„Georgianintokyo (Atom™ Remix)“ - გერმანული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მაღალპროფილური წარმომადგენელიც ერთვება საქმეში, რომელიც ორიგინალი ტრეკის ენერგიას ინარჩუნებს და დამატებით როკ თუ ლათინურ ფორმებსაც გვთავაზობს, გვევლინება რა აჩქარებული მსოფლიო ცხოვრების საუნდტრეკად.

„Goodair + Minimissing“ ვერ ვიტყვით რომ მუსიკოსის საუკეთესო ნამუშევრებს შორისაა, თუმცა Erast-ად ტრანზიციის პროცესი, უფრო საგრძნობი და აშკარა მის შემდგომ ალბომში გახდება, რომელსაც CES Records-ს 16 ოქტომბერს თავიდან გამოუშვებს.

მსგავსი ბლოგები