ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲐᲕᲢᲔᲑᲘ XI

ავტორი: TSA Music

6 აგვისტო, 2020

12 წუთის წასაკითხი

2 ნახვა

ინოვაციური პოპკულტურის და ელექტრონული მუსიკის დაჯილდოვების ცერემონიალი „ელექტრონავტები“ 2007 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია სხვადასხვა ნომინაციაში ნიჭიერი, ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენა.

წლების განმავლობაში ამ პროექტის მხარდაჭერით სცენაზე ბევრი საინტერესო არტისტი გამოჩნდა, რომლებისთვისაც ეს ცერემონიალი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა.


ფონდ ელექტრონავტების მიერ ინიცირებული დაჯილდოვების ფარგლებში არტისტები პრიზებს იმ ნამუშევრებისთვის იღებენ, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქმნიან.

ადგილობრივ შემოქმედებით სივრცეში პროექტის როლზე და სამომავლო გეგმებზე ფონდი ელექტრონავტების ხელმძღვანელი და პროექტის დამფუძნებელი სერგი გვარჯალაძე საუბრობს. 2005 წელს ქართველი ელექტრონავტების შესახებ სწორედ მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გახდა ამ პროექტის შექმნის საფუძველი.

- ერთ დეკადაზე მეტია რაც „ელექტრონავტები“არსებობს. როგორ შეაფასებდით მთელს ამ პერიოდს? როგორ ფიქრობთ, რა კონკრეტული გავლენა აქვს ამ პროექტს ადგილობრივ სცენასა და არტისტებზე?

- ვფიქრობ “ელექტრონავტი” გარკვეულწილად ბარომეტრია ქართული ინოვაციური მუსიკალური სცენის და საშუალება იმისა, რომ ახალმა არტისტებმა თავი უფრო მეტ ადამიანს გააცნონ. იმედს ვიტოვებ, რომ ის ასევე საშუალებას აძლევს არტისტებს, გარდა შემოქმედებითი განვითარებისა, უფრო მეტი კონცერტი/ სეტი ჩაატარონ წლის განმავლობაში.

- რა იყო ამ პროექტის თავდაპირველი მიზანი და როგორ შეიცვალა ის დინამიკაში?

- თავდაპირველი მიზანი იყო, რომ სცენა გაზრდილიყო და საერთოდ ვინმეს მაინც სცოდნოდა იმის შესახებ, რომ ასეთი ტიპის მუსიკა და მუსიკოსები არსებობდნენ. ახლა მიზანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი, კრეატიულობა, გამორჩეულობა და ის, რომ ეს სცენა ცნობადი გახდეს ქვეყნის გარეთაც.

ელექტრონავტები 2017

- „ელექტრონავტისთვის„ მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როდესაც რამდენიმე წლის წინ ის ელექტრონული მუსიკის დაჯილდოვების ცერემონიიდან ინოვაციური პოპ კულტურის მხარდამჭერ პროექტად იქცა. რამ გამოიწვია ეს საჭიროება? რას ვეძახით დღეს ინოვაციურ პოპკულტურას?

- “ელექტრონავტი” თავიდანვე არ გულისხმობდა მხოლოდ ერთ ჟანრს. რასაკვირველია, იმის გამო, რომ სცენა უფრო ელექტრონული გახდა, ჩვენი ღერძიც გადაიხარა. ვფიქრობ, რომ ახლაც გვაკლია მრავალფეროვნება და უფრო მეტი არტისტი მოქმედებს “ელექტრონულ” ჟანრში, მაგრამ ეს ტენდენცია შეიცვლება.

ინოვაციური არის ყველაფერი მოულოდნელი, “მულტიმედიალური”, მაშინ როდესაც არტისტი არამხოლოდ მუსიკოსია, არამედ საინტერესოდ წარმოადგენს თავის შემოქმედებას ვიზუალურად. მაგარამ მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მუსიკა, რომელიც გარკვეულ ემოციებს იწვევს და ადამიანებს აერთიანებს ყოველთვის ინოვაციურია (ანუ ახალი, მოულოდნელი). მაგრამ ეს მაინც ძალიან სუბიექტური განმარტებაა.

- იმ კონტექტსში, რომ დღეს სცენა ბევრად მეტად განვითარებულია და არტისტებსაც წარმატების უფრო მეტი შანსი აქვთ, რა არის “ელექტრონავტის” ამჟამინდელი გამოწვევა?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბევრი არტისტი გვყავს და ეს რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც სასიხარულოა, მაგრამ ცოტაა ახალი იდეები, საკმაოდ დაბალია ჩანაწერების ხარისხიც, ცოცხალი შესრულების ნაკლებობაა, გვჭირდება მეტი ორიგინალური ივენთი. ჩვენი მიზანია, რომ წლის მანძილზეც გვქონდეს სხვადასხვა სახის პროექტები და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ცერემონიალით.

- წლების მანძილზე უამრავი მონაწილე და კომპოზიცია დაგროვდა - თუ გახსენდებათ შემთხვევები, როდესაც „ელექტრონავტების“ აღმოჩენილი არტისტი თუ ტრეკი განსაკუთრებით წარმატებული არჩევანი აღმოჩნდა?

- ჩვენთვის ყველა გამარჯვებული თუ მონაწილე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მათთვისაც მნიშნელოვანია ჩვენი არსებობა. ზოგისთვის ეს ჯილდო წარმატების საწყისი იყო, ზოგმაც ვერ გაუძლო წნეხს და გაქრა სცენიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველას კარგად ახსოვს მომენტი, როდესაც სცენაზე გამოიძახეს და “ელექტრონავტი” გადასცეს.

- წლების მანძილზე ცერემონიალის ფარგლებში გარკვეული ნომინაციები ყოველთვის იცვლებოდა. წელს ინდუსტრიის რომელ ნაწილზე გაკეთდება უფრო მეტი აქცენტი?

- წელს აქცენტს გავაკეთებთ მედიაზე, რომელიც აშუქებს თანამედროვე ქართულ მუსიკას, მის ახალ “მოთამაშეებზე” და დავამატებთ ლაივ სთრიმის სეგმენტს, დაჯილდოებამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელ დაჯილდოებას ტრადიციულად ახალი შეფუთვა ექნება და ძალიან გვიხარია, რომ “ელექტრონავტის” ვიზუალზე წელს არაჩვეულებრივმა არტისტმა “კვაჭი კიცუნემ” (ნინო კვაჭაძე) იმუშავა.

ნომინაციები:

საუკეთესო ფესტივალი
საუკეთესო მუსიკალური ვიდეო
საუკეთესო ლეიბლი
საუკეთესო ალბომი
საუკეთესო დიჯეი
საუკეთესო ცოცხალი შესრულება
საუკეთესო კომპოზიცია
საუკეთესო მედია
ახალი სახე
„ელექტრონავტი Xl“




მსგავსი ბლოგები