დიალოგი “ღრმა სმენის” რეჟიმში

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

25 ივნისი, 2019

10 წუთის წასაკითხი

6 ნახვა

დრონი - ჰარმონიული/მონოფონიური ეფექტი, ან აკომპანიმენტი, რომელშიც ერთი ნოტი, ან აკორდი მთელ კომპოზიციას გასდევს უწყვეტად. როგორც მუსიკის ერთ-ერთი განსხეულება, “დრონი”, ყველაზე მეტად, თითქოს გაწელილი დროის შეგრძნებას გიქმნის, გაძლევს საშუალებას თავისუფლად გადაადგილდე საკუთარ ფიქრებში და განწყობის მხრივ, ერთგვარი “კალიბრაციაც” განიცადო... “ღრმა სმენის” ეპითეტით მონათლული მუსიკის ეს ჟანრი არც ისე დიდი ხანია, რაც მსოფლიო მელომანების დღის წესრიგშია შესული და ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ის განგაწყობს დიალოგისკენ.


POLITIKA BAR-ში, 27 ივნისს, “მოდულარული ელექტრონიკისა და საქსოფონის საღამოზე”, დიალოგს “ღრმა სმენის” რეჟიმში, ორი მუსიკოსი წარმოგვიდგენს:


რეზო კიკნაძე - კომპოზიტორი, საქსაფონისტი, ფილოლოგი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი.


თორნიკე მარგველაშვილი, იგივე Mess_Montage - ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი, პროდიუსერი, მულტი ინსტრუმენტალისტი, ხმის ინჟინერი და “დრონის” თვალსაჩინო წარმომადგენელი.

რეზო კიკნაძეს, საღამოს, ერთ-ერთი ლაივის ანტრაქტზე ვხვდები. კონცერტის შემდეგ მიფრინავს. განწყობა უჩვეულოდ ღია, მეგობრული... აი, ისეთი, სტერეოტიპულად ჯაზმენებს რომ ახასიათებთ ხოლმე. მალევე პოულობს თავისუფალ მაგიდას, ორ სკამს და საუბარს თორნიკეს შესახებ “გამოკითხვით” ვიწყებ...

-როგორ აღმოაჩინეთ თორნიკე?

რეზო - როცა კონსერვატორიაში მოვიდა, უკვე საკმაოდ ჩაღრმავებული იყო მუსიკალურ ცხოვრებაში, უკრავდა ბენდში [“პორნოპოეზია”] და აშკარად მიზანდასახული აკადემიური შემართებით გამოირჩეოდა... ტიპია, რომელიც ბევრს ფიქრობს, აზროვნებს და თან ინარჩუნებს იმ მუხტს, რომელიც მუსიკის საკეთებლად ალბათ, აუცილებელია...ერთ-ერთ ინტერვიუში მოვკარი თვალი მის ნათქვამს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ უბრალოდ ექსპერიმენტატორი მუსიკოსი კი არ არის, არამედ, აკადემიური სივრცის ნაწილიც გახდა... მთელი ეს ტომარა, ევროპული კლასიკური მუსიკის ისტორიის სახით, რაღაცნაირად “მოიკიდა” და მშვენივრად ახერხებს მის ტარებასაც. არასდროს არ დაუკარგავს ინდივიდუალობა ამ თავის ძებნაში, ეცნობა ბევრ რამეს, რაც მის მოსვლამდე მომხდარა მუსიკაში და პერმანენტულად იმდიდრებს თავის ჰორიზონტსა და სამყაროს... ბევრი რამ სულ სხვა დონეზე, სულ სხვანაირად აქვს ათვისებული და ახლა, მისი ანალოგური, მოდულარული სინთეზატორებით გატაცება ძალიან პროდუქტიულია, განსაკუთრებით ქართულ მუსიკალურ სივრცეში. ჩვენთანაც [კონსერვატორიაში] დოცენტია და სანამ მაგისტრატურაში ჩააბარებს და სადმე ისევ წავა, იმედია, ცოტა ხნით, მანამდე მიხარია რომ ასწავლის ჩვენს სტუდენტებს... ხანდახან ერთადაც ვუკრავთ ხოლმე...

- გავიგე, საკმაოდ მოზრდილ ასაკში გადაწყვიტა, რომ მუსიკისთვის მიეძღვნა თავი... მსგავსი ნაბიჯი თან დიდი სტიმულია ბევრისთვის, მაგრამ თან, ცივ აუზში ჩახტომასაც ჰგავს...

რეზო - ქართველებში ბევრია მსგავსი შემთვევა. თავიდან, პირველ სასწავლო გარემოდ ირჩევ იმას, რაზეც ბავშვობიდან გამზადებდნენ... მიყვები მშობლების ნებას. მერე, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მთლად ეგრე არ გინდა... მაგ დროს, ისევ მშობლების საქმეა, რომ ამ ცვლილებაში გვერდში ამოგიდგნენ და არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი ოჯახურ ტრაგედიაში. მე მქონდა ეგეთი ყოვლად განსაკუთრებული, ბედნიერი შემთხვევა - კლასიკური ფილოლოგი ვიყავი და კარიერულადაც შემეძლო ძალიან შორს გამეხედა, მაგრამ უცბად, “ავცდი გზას” და გავხდი მუსიკოსი. 22 წლის ასაკში, როცა უკვე ცოლ- შვილი მყავდა, გადავწყვიტე მუსიკოსობა. ჯაზის დაკვრამ ვერ სძლია ფილოლოგიას, მაგრამ კომპოზიცია რომ დავიწყე, სულ სხვანაირად გადავვარდი მუსიკაში. სანამ ამერიკაში დაიწყებდნენ ჩემი კომპოზიციების შესრულებას, რამდენიმე წლის მანძილზე, ჩემი მშობლები სერიოზულად დარდობდნენ, თუმცა, ერთი წუთითაც არ უგრძნობინებიათ ჩემთვის...

ძალიან შეგნებული მშობლების ძალიან კეთილი გადაწყვეტილების შედეგად, ძალიან ბევრს შეუცვლია გზა და წარმატებითაც.

- ამასობაში, როგორ მწიფდება თქვენი შემოქმდება და თანაშემოქმდებაც?

რეზო - მეც და ისიც, რაღაც გზას ვადგავართ, მაგრამ სულ მიხვეულ-მოხვეულებში დავდივართ და ამ მიხვეულ-მოხვეულებში, ზოგჯერ გადავყერებით ხოლმე ერთმანეთს. თორნიკეც ვითარდება, მეც მეცვლება ჩემი კომპიუტერული მუზიცირების გარემო... არც მახსოვს, საიდან დავიწყეთ. ბევრთან ვუკრავ, ვინც თორნიკეს ხელაა, ახლაც ჩემს სტუდენტებთან ერთად ვარ, ერთია მხოლოდ პედაგოგი. მათთან მუშაობა ჩემთვისაც ძალიან გამამდიდრებელი და ჭკუის კარგი სასწავლი საშუალებაა... არ მინდა, რომ სწავლებას რომ დავიწყებ, ხუთი წლის მერეც იგივე ვასწავლო. ხშირად შევხვედრივარ დიდ პედაგოგებს, მაგრამ ბევრი მათგანი 40 წლის წინანდელ სიბრძნეს ასწავლის ახალგაზრდებს.

-ერთგვარი განახლებაა არსებული შემოქმედებითი მუხტის...

რეზო - საკმარისად მყარად და თითქოს, ქვითკირივით გამჯდარი არაფერი არ მაქვს. სულ შემოწმებებსა და ცდებში ვარ, შეიძლება შეცდომებიც მომივიდეს და ესეა ყველა იმ სფეროში, რომელიც მაინტერესებს. ზოგიერთი სტუდენტი მთხოვს, რომ ვასწავლო როგორ “უნდა”, მე კი შემიძლია ვასწავლო თუ როგორ ისწავლოს... მთავარი განზრახვა ერთად მუზიცირებაა. ვინ რას მოიტანს... ზოგჯერ, “ლაივის” წინ, არც კი ვეკითხები ხოლმე ჩემს სტუდენტებს, ვინ რაზე დაუკრავს. ეს არის ხალხი, რომელიც ხან გასაღებზე დაუკრავს, ხან ჭურჭლის საშრობზე, ან კიდევ ელექტრონული ინსტრუმენტების მთელ რიგზე... როცა ეგეთ ტიპებთან უკრავ, არაა აუცილებელი წინასწარი განზრახვის ქონა, გარდა ერთისა, რომ ერთად დავუკრათ. და ეგრე იქნება... ჩვენი ერთად დაკვრა ყოველთვის თავგადასავალია, ჩვენთვისაც და აუდიტორიისთვისაც.

-რა ელოდება მსმენელს თქვენი და თორნიკეს ერთობლივ საღამოზე “პოლიტიკაში”?

რეზო - პოლიტიკაში, მსმენელსაც იგივე ელოდება, რაც შემსრულებელს - თავგადასავალი და მუსიკალური შემთხვევები, ან ჟღერადი რეალობები, რომელიც მანამდე არ შემთხვევიათ.


თორნიკეს კი რამდენიმე დღის შემდეგ, ტელეფონით ვესაუბრე. აქაც, ზუსტად იგივე, უჩვეულოდ ღია და მეგობრული განწყობა შემხვდა.

თორნიკე - თვენახევრის წინ, მომპარეს ლეპ-ტოპი, ფაქტიურად, ჩემი ოფისი. მაგიტომ, მეც ცოტა უფრო მეტი გასვლა დავიწყე გარეთ. შემთხვევით მოვხვდი ღვინის ქარხანასთან, სადაც იპოვეს ჯეკ რასელ ტერიერის მეტისი და მივხვდი, რომ უნდა წამომეყვანა. თან ძალიან დიდი ხანი მინდოდა, რომ მყოლოდა ძაღლი. ალბათ, დრო სჭირდებოდა ამ ყველაფერს.

-დრო, ან ლეპ-ტოპის დაკარგვა?!

თორნიკე - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე დაიკარგა მასთან ერთად, მთელი ორი წლის შრომაც, ცოტა ამოვისუნთქე. რაღაც ბევრი ადგილი გამოათავისფულა თავში...

-გერმანია, რომ დაინგრა, მერე უკეთესი ააშენესო... შენც უკეთესს დაწერ...

თორნიკე - მეგობარმა გამახსენა ტარკოვსკის “სტალკერი” - ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმია... მაგის გადაღების მერე, მთელი ფირი დაკარგეს და ტარკოვსკის სამი წელი დასჭირდა ხელახლა გადაღებისთვის. ბევრად უფრო კარგი გამოუვიდაო...

-ნახე, რა კარგ კამპანიაში ხარ, თურმე!


თორნიკე - ხო, ჩემმა ერთმა მოსწავლემ და მეგობარმა გამახსენა და ძალიან მესიამოვნა. ტარკოვსკის ვერ შევადარებ თავს, მაგრამ მართალია, რომ ასეთი შემთხვევის მერე შეიძლება სწორედ ის დაგრჩეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიწმინდო ბევრი ხმაურისგან.


- წავიკითხე შენზე და შენი ვიდეოც ვნახე... რა მომენტში მიხვდი, რომ რადიკალურად უნდა შეგეცვალა ყველაფერი, თუ თანდათანობით მწიფდებოდა სამსახურიდან წამოსვლისა და მთელი შენი დროის მუსიკისთვის დათმობის იდეა?

თორნიკე - ჩემი პირველი გმირი ცხოვრებაში ისევ მუსიკალური გმირი იყო - Iron Maiden. რაც ნანახი მქონდა, იქიდან ყველაზე მეტად, სწორედ ეგეთი მინდოდა ვყოფილიყავი... მაგას მოყვა შიში, რომ არ გამოვა, სხვაგან ვცხოვრობ, აზრი არ აქვს და ა.შ... როცა უკვე დამოუკიდებელი გავხდი და თავდაჯერება მომემატა, დავსვი ეგ კითხვაც - როგორი ცხოვრება მიღირს. მწყინდება ხოლმე ყველაფერი და დავფიქრდი იმაზე, თუ რა გასტანს ყველაზე დიდ ხანს ისე, რომ არ მომბეზრდეს...

მუსიკას ყოველთვის ვაკეთებდი და 24 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ მხოლოდ ეს უნდა მეკეთებინა, იმიტომ რომ - ერთადერთი რამ, რისთვისაც არ მენანება ბოლომდე დახარჯვა - მუსიკაა. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ყველას ვეუბნებოდი, რომ ის უნდა ეკეთებინათ, რაც თვითონ უნდოდათ და ყველაზე კარგად გამოსდიოდათ. მერე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა... ზოგს ალბათ ურჩევნია, ისე იყოს, როგორც არის, უფრო უსაფრთხოცაა...

-უფრო იმედგაცრუების შიშია - ვაი, და ისეთი მაგარი არ ვიყო, როგორც მგონია, რომ უნდა ვიყო?

თორნიკე -იცი რა, ეხლა შეიძლება მეც ვერ გადამეწყვიტა. თუ რაღაც “სისულელე” არ გააკეთე, ვერ ამოყოფ თავს სხვა ნაპირზე.

-ასე რომ არ მოქცეულიყავი, ერთ დიდ სამყაროს დაუკარგავდი აღმოჩენის შანსს ხო?

თორნიკე - ზუსტად ეგრეა... თან, ეს “სამყარო” კი არ გიყვირის, რომ ყურადღება მიიპყროს, ჩუმად გეძახის. ჩემს შემთხვევაში, იყო სურვილი იყო და რაღაც პატარა რწმენა, რომ ახლა თუ არა, მერე აუცილებლად მექნება რაღაც სათქმელი. ეგ არის ყველაზე საინტერესო, რომ ქმნიდე იმ სამყაროს, რომლისაც გჯერა... ყველა მაგაში რომ ხარჯავდეს მთელ ენერგიას, აუცილებლად უფრო საინტერესო იქნებოდა ყველაფერი.

-უფრო საინტერესო და უფრო ლამაზიც...

თორნიკე - სხვისი სამყაროებით ვიწამლებით ბავშვობიდან - საყვარელი მხატვრის, საყვარელი არტისტის სამყაროებით... ისე, მოსაწყენი იქნებოდა და ალბათ ეგ “მოწყენილობის” დაძლევაა ჩვენი მამოძრავებელიც... შემდეგ, ნელ-ნელა ჩნდება რამდენად რელევანტურია რასაც აკეთებ და მნიშვნელოვანი შენთვის, თუ სხვისთვის. ისიცაა, რომ რაც უფრო მეტ დროს უთმობ, მით უფრო რეალური ხდება და ხალხსაც მეტად სჯერა...

-ის შემოვლითი გზებიც გეხმარება პარალელურად. იგივე 9-დან 6-მდე სამუშაო დღეც სხვა დისციპლინას გაჩვევს...

თორნიკე - რეჟიმი რეჟიმია და აუცილებელია, თუმცა, 9-დან 6-მდე სამსახური არ გასწავლის იმას, რომ ხანდახან თავს უფრო მეტად უნდა უსმინო და არა, დროს... რომ ვმუშაობდი, მუსიკას მაინც ვაკეთებდი, თუმცა, ნაკლები რაოდენობით. უფრო მეტი დრო მქონდა, რომ საღად მეფიქრა მუსიკაზე. კონტრასტიც მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგო იმის პერსპექტივა, თუ რას აკეთებ.

-რამდენად აქცევენ ყურადღებას შემოქმედებითი პროცესის მაქსიმალურად პროდუქტიულად წარმართვას? თუ არის შესაძლებელი მისი სისტემატიზაცია... წლების წინ, ამოვიკითხე სადღაც, ტომ იორკზე, რომ ლამის ჯარისკაცის რეჟიმში მუშაობს...

თორნიკე -გააჩნია რაზე მუშაობ. ძალიან განსხვავდება, როცა იდეაზე მუშაობ და მერე სტუდიაში, სხვა ადამიანებთან ერთად.

-მაშინ იმ იდეით მოვიხიბლე, რომ თურმე, შემოქმედსაც შეიძლება ჰქონდეს დისციპლინა.

თორნიკე -ნიკ ქეივზე ვიცი, რომ დილის 8-ის ნახევარზე მიდის სამსახურში და 6-ზე ამთავრებს მუშაობას ოფისში, სადაც მხოლოდ წერს... შემდეგ, სტუდიაში შედიან და ორ კვირაში ჩაწერენ იმას, რაც წლების მანძილზე იქმნებოდა. რეჟიმი ტვინს სჭირდება ელემენტარულად.

-თქვენთან [კონსერვატორიაში] თუ ამახვილებენ მსგავს პროცესებზე ყურადღებას სწავლის პროცეში?

თორნიკე -არა და, სხვათა შორის, არც დანიაში სწავლების დროს შემიმჩნევია მსგავსი, თუმცა იქ, ეს უფრო კულტურაში აქვთ გამჯდარი. შეიძლება, ესე ხმამაღლა არ საუბრობენ ამაზე, მაგრამ თვითონ ხვდები ნელ-ნელა. აქცევენ უფრო მეტ ყურადღებას “entrepreneurship”-ს [მეწარმეობა] და ატარებენ შესაბამის ლექციებს. დიდი სურვილი მაქვს, მსგავსი პროგრამა აქაც გავაკეთო. მუსიკოსისთვის საინტერესოა საორგანიზაციო საკითხები, დროის მენეჯმენტი და თანაკვეთა არის იმასთან, რაზეც ვსაუბრობდით.

-კიდევ არის მაგალითის ძალა, რომელიც უფრო შთამაგონებელია და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, საოდან წამოვა... მთავარია, რომ პრეცედენტი იქმნება. შენც ერთგვარ მაგალითს აჩვენებ, რომ შეიძლება კოლაბორაცია, სიახლეების აღმოჩენა, თამამი ნაბიჯების გადადგმა.

თორნიკე - მაგის საპირირსპიროდ, ძალიან დესტრუქციული შეიძლება იყოს - შენიშვნა. ძალიან დიდი სხვაობა, რაც გვაქვს სკანდინავიურ განათლებასთან, ისაა, რომ იქ, უმეტეს შემთხვევაში კონსტრუქციულ შეფასებას იღებ, არავინ ცდილობს შენს თავმოყვარეობას შეეხოს, დაგწიოს უკან და გაგირთულოს ცხოვრება, რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება აქ. რაც უფრო ღია გარემო იქმნება ექსპერიმენტებისთვის, ახალი იდეების გაჟღერებისთვის და შეცდომების დაშვებისთვის, მით უფრო მეტი “headspace” [აზროვნების უნარი] გაქვს, რომ რაღაც ღირებული გააკეთო, ახალი...

-”headspace” კარგია... რამდენი ხანი და რაზე სწავლობდი დანიაში?

თორნიკე - ორი წელი ვსწავლობდი ელექტრონული მუსიკის კომპოზიციას... ექსპერიმენტული მუსიკის ისტორიის მქონე სკოლა იყო. მაშინ ცოტა ახალი იყო ჩემთვის... მეგონა, რომ ელექტრონული მუსიკა უფრო საცეკვაო იყო, მაგრამ თურმე, რამხელა ისტორია აქვს და იმაზე დიდი ყოფილა ეს სამყარო, ვიდრე მეგონა. მეც რაღაც ისეთს მივაგენი, რაც ჩემთან უფრო მეტად რეზონირებდა...

-”დრონი”...

თორნიკე - “დრონ”-ზე რომ ვილაპარაკოთ, ქართულ მუსიკაშიც გვხვდება... გაბმულ ტონს ნიშნავს, ბურდონს და კახურ მუსიკაშიც გვაქვს ეს სტატიკური, ბურდონული, ძალიან ატმოსფერული ნოტი... ჰამლეტ გონაშვილის ჩანაწერებს რომ მოუსმინოთ, კახურ ჩანაწერებს, დაგბურძგლავს. ჩემთვის აღმოვაჩინე, რომ რასაც მე ვაკეთებდი ქართული კუთხითაც ახლოს იყო... შემოქმდებით პროცესზეც ვიტყვი, რომ როცა რაღაცას აკეთებ, არა იმდენად იდეით, არამედ უფრო განწყობით იწყებ. მერე ხვდები, თურმე რა იდეა ყოფილა ამ განწყობის მიღმა, სად ყოფილა “ჭეშმარიტი მომენტი”. ამ შემთხვევაშიც ესე იყო...

-სწავლის გარდა, სხვა შემოქმდებით პროცესებში თუ გქონდა ჩართვის საშუალება დანიაში?

თორნიკე - რამდენიმე ფესტივალზე დავუკარი და ალბომის ნაწილი იქ ჩავწერე. კოლაბორაციებიც იყო და ლაივების დაკვრაც იქ დავიწყე.

-უფრო გაამყარა ხო ამ გამოცდილებამ შენი არჩევანი? უფრო დარწმუნდი, რომ სწორ გზაზე დგახარ... მერე რა ხდება, რომ ჩამოხვედი?

თორნიკე - კი, ზუსტად ეგრე იყო... საქართველოში ბევრი რამ მოხდა... დავიწყე სწავლება კონსერვატორიაში, CES-ში [Creative Education Studio], გავაკეთე “მოდულარული სინთეზის” კურსი, რაც მე თვითონ ძალიან მაინტერესებდა. აქ არც ეგეთი კურსი და არც ეგეთი სინთეზატორი იყო.

-მაინც რა არის მოდულარული სინთეზატორი?

თორნიკე - მარტივად რომ წარმოიდგინო, იგივეა, რაც ლეგო მუსიკოსებისთვის. სინთეზატორი ელექტრონული ინსტრუმენტია, რომელიც გეხმარება შექმნა სხვადასხვა ტემბრი. მოდულარული სინთეზატორის შემადგენელ ბლოკებს შენ თვითონ ირჩევ. შეგიძლია რამდენიმე ხმის წარმომქმნელი აირჩიო, მერე ფილტრთან დააჯამო და შექმნა ინდივიდუალური ინსტრუმენტი. საინტერესოა ცოცხალი, გენერაციული მუსიკის დასაკრავად... ნელ-ნელა მოდულარული სინთეზის საზოგადოებაც იქმნება.


ელექტრონული მუსიკა ძალიან პოპუილარულია, ჩემი მიდგომა კი ისაა, რომ მოდი, რაც გვაინტერესებს ის შევისწავლოთ საფუძვლიანად, ჩავიდეთ საწყისებში და ჩვენებურიც ახლებურად წარმოვადგინოთ.

“დრონს” რაც შეეხება, სხვანაირი მოსასმენია, სხვა განწყობას და ინტელექტს მოითხოვს. მუზეუმში წასვლის, ან საინტერესო ფილმის ყურების ექვივალენტი უფროა...


მერე, იყო “რედ ბულის მუსიკის აკადემია”, ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება. აქ, არტისტის აღწერაში, ჩემზე დაწერეს “მეინსტრიმ მუსიკის აუთსაიდერი”, რაც ძალიან მესიამოვნა.

- და როგორც “მეინსთრიმ მუსიკის აუთსიდერმა” უნდა შემოიკრიბო გარშემო თანამოაზრე მსმენელებიც... მუსიკის შექმნაში ხომ ნაწილობრივ მსმენელიც თანამონაწილეობს... შენ შემთხვევაში, ვინ არის ეს მსმენელი?

თორნიკე -ხალხი, ვინც ასე თუ ისე იცის ეს მუსიკა, მუსიკოსები, ის, ვინც დაინტერესებულია ახლის მოსმენით და ახალი ჟღერადობების გაგებით... ვინმეს თუ უყვარს აბსტრაქტული მხატვრობა, დარწმუნებული ვარ ეს მუსიკაც მოეწონება... ხანდახან, მუსიკალურ ჩარჩოებს სცდება, მოგიწოდებს მოვლენა აღიქვა ისე, როგორც არის და მაგას სჭირდება ერთგვარი კონვენციის დარღვევა. მოდიხარ, ჯდები, უსმენ, გაქვს დრო საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად, ტვინის გასაწმენდად, დასაფიქრებლად...

- “პოლიტიკაში” დაგეგმილ საღამოზე, რამდენად უკავია ადგილი იმრპოვიზაციას?

თორნიკე - ძალიან დიდი ადგილი უკავია. მე და რეზომ პირველად რომ დავუკარით Tbilisi Open Air-ზე, მანამდე მხოლოდ 10 წუთიანი რეპეტიცია გვქონდა. ზუსტად ისე გამოვიდა ყველაფერი, როგორც წარმომედგინა... დაახლოებით ისე, კოლტრეინს რომ ელექტრონიკა ჰქონოდა... პირველივე ლაივი საინტერესო იყო ჩვენთვისაც და იმ მცირეოდენი მსმენელისთვის, ვინც იქ იყო. მეორე და მესამე “ლაივზე” უფრო განვითარდა ყველაფერი. მე ჩემი იდეებით მოვდივარ, რეზო - თავისი და ერთგვარი მუსიკალური დიალოგი იწყება. რაღაც ჩარჩო გვაქვს გამოკვეთილი, მე ელექტრონიკას ვუკრავ, რეზო საქსოფონზე და ხანდახან ელექტრონიკაზე. ბევრი მედიტაციური ასპექტის აღმოჩენა შეიძლება...

არის რაღაც მომენტები, როცა მე და რეზო უნისონთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე და ის პატარა დეტონაციებიც და სიხშირის აქცენტებიც კიდევ უფრო საინტერესო მუსიკალურ ღრმულებს აჩენს.

-წარსულმა მუსიკალურმა გამოცდილებამ რა გავლენა მოახდინა, მაგალითად “პორნოპოეზიაში” და სალიოსთან დაკვრამ?

თორნიკე - ლაივების გამართვის სურვილი დამიტოვა. მაშინდელი ლაივები უფრო ენერგიული იყო, იმდენად ვიხარჯებოდი, თითქოს ბოლო გამოსვლა იყო... ახლა დავამუღამე, რომ ლაივის წინ სულ ნერვიულობაა, დაძაბულობა, რასაც მიყევხარ იმ კონცენტრაციამდე, რაც კარგ ლაივს სჭირდება. რაც უფრო მეტი გამოცდილება გაქვს, მით უფრო კარგად უმკლავდები, მაგრამ მაინც რჩება. Björk-იც ორი დღე დასტრესილი იყო კონცერტამდე. მის მაგალითზე მივხვდი, რომ ეს დაძაბულობაც ბუნებრივი პროცესია. ბოლო ლაივის წინ, მთელი დღე გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი, რომ რაღაცნაირად სტრესი გამეგდო. კაი ხრიკი გამოდგა.

-როგორ უნდა მოახერხო ის, რომ გარემოდან გამომდინარე, არ შენელდეს შემოქმდებითი მუხტი... ამისთვის, შეიძლება კოლაბორაციაც კარგი დრაივის მომტანი იყოს, ამ შემთხვევაში რეზოსთან, რომ მუდმივად ხსნიდე შენი შემოქმედების სხვადასხვა შრეებს...

თორნიკე - არასდროს მქონია იდეების ნაკლებობა, თუმცა შეიძლება არ მქონდეს ამ იდეებისთვის საკმარისი ენერგია, ფიზიკური მზადყოფნა, ან განწყობა. ყველაზე რთული საპოვნელი მაინც განწყობაა. გარემო ძალიან მოქმედებს და შეიძლება მისი შეცვლით, ბუნებაში მოხვედრით, ახალი ადგილის აღმოჩენით, ახალი ფილმის ნახვით ამ განწყობის სტიმულირება მოახდინო. სიახლე მნიშვნელოვანია... რაც შეეხება კოლაბორაციას, მე და რეზო არც ისე ბევრ დროს ვატარებთ ერთად. უფრო, ლაივის დღეს ვხვდებით და ვუკრავთ, რასაც თავისი ძაბვა და სტრერსი აქვს, რომელიც თავის კვალსაც ტოვებს “ლაივზე”.

-როგორ ფიქრობ, ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ან მათ გარდა, რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს მუსიკალურ განვითარებაზე?

თორნიკე - ტარკოვსკის ფილმები, ნიკ ქეივი, მხოლოდ არა მუსიკალური ენის, არამედ ემოციების დონეზე; ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაცას მოვისმენ და პირველივე წამებიდან ვხვდები რამდენად ახლოა ჩემთან. ასეთია არვო პიარტი. ჰამლეტ გონაშვილია ძალიან ახლოს... ელექტრონული მუსიკის დასაწყისის ექსპერიმენტატორი არტისტები - Éliane Radigue(1932), La Monte Young (1935)... ბოლო პერიოდში, იაპონელ “ემბიენთ” არტისტებს რომ გადავავლე თვალი, ძალიან ჰგავს იმას, რასაც ახლა ვაკეთებ... გავლენა შეიძლება ყველაფერმა მოახდინოს, მაგრამ განსაკუთრებული დრაივი განწყობას მოაქვს.

- და ეს განსაკუთრებული დრაივი, რა შეიძლება რომ იყოს?

თორნიკე - ჩემთვის დრაივი იყო და არის ის, რომ შემექმნა მსოფლიო კულტურისთვის ღირებული ქართული პროდუქტი. შეიძლება “კლიშეა”, ბანალურად ჟღერს, მაგრამ რომ დაფიქრდები რატომ ვაკეთებთ და რა გვამოძრავებს, ერთ-ერთი არის ეგ.


კიდევ ერთი დრაივი, მხოლოდ უფრო მტკივნეული, იყო ის, რომ როცა ვიზრდებოდი, ყველაფერი ქართული ასოცირდებოდა უხარისხობასთან... შესაბამისად, ეს ეროვნულ თავდაჯერებაზეც მოქმედებდა. რაც უფრო მეტს ვსწავლობ, ვხვდები, რომ ეგრე არ არის. უბრალოდ, რაღაც პერიოდი იყო ქართულ რეალობაში, რამაც ბევრი რაღაცის დამახინჯება გამოიწვია. რეალურად, ჩვენს ისტორიულ წარსულში არის რაღაც, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ ეს მე ვარ. თუნდაც, კახური, ძალიან ლამაზი სიმღერები და მინდა, რომ ამ ეტაპზე შეიქმნას ისეთივე გულწრფელი მუსიკა, როგორც ის იყო, თავის დროზე. ეს შეიძლება არ იყოს სუფთად ქართული თავისი ჰარმონიით, მაგრამ ის , რომ გლობალიზაციის პერიოდში ვცხოვრობთ, იწვევს იმასაც, რომ საქართველოში შექმნილ პროდუქტს შეგვიძლია ვუწოდოთ ქართული...

-ძალიან ბევრი რამ კეთდება მაინც და ვდგამთ დადებით ნაბიჯებს. ამის მაგალითი ხარ თუნდაც შენ და რეზო.

თორნიკე - რეზომ ჩემზეც დიდი გავლენა იქონია. პირველად, რეზომ მომასმენინა ექსპერიმენტული ელექტრონიკა და მახსოვს, ნახევარსაათიანი ნაწარმოები მოვისმინეთ. მაშინ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება რომ ნახევარსაათიანი არ მომბეზრდეს, მაგრამ - არ მომბეზრდა! მეტი ყურადღების დათმობა მასწავლა და ამ ყველაფერშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

მსგავსი ბლოგები