Common people

ავტორი: დათო ცინცაძე

11 თებერვალი, 2020

12 წუთის წასაკითხი

33 ნახვა

ვინაიდან წინა პოსტში ლეიბლებს შევეხეთ, აუცილებელია იცოდე რომ მუსიკალური ინდუსტრიის სფეროს კიდევ მრავალი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჰყავს, რომელთაგანაც რამდენიმეს შესახებ მინდა მოვყვე, ვინაიდან თუ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას აპირებ, მათი სერვისი აუცილებლად დაგჭრიდება.

პროდიუსერი

მოდი დავიწყოთ პროდიუსერით. ეს ხალხი არის პასუხისმგებელი იმ პროდუქტის უმეტეს ნაწილზე, რასაც მუსიკოსი ქმნის. ისინი ცდილობენ არტისტის კრეატიული იდეების ჩამოყალიბებულ, გასაყიდ პროდუქტად გარდაქმნას. მათი ფუნქციაა სწორი ჩამწერი კოლექტივის შერჩევა, შესაბამისი სტუდიების მოძიება და დაჯავშნა, ჩაწერის პროცესის ხელმძღვანელობა, სწორი კომპოზიციების არჩევა ჩასაწერად და ა.შ. ისინი აგრეთვე ასრულებენ (ყოველ შემთხვევაში ასრულებდნენ) დიდ მუსიკალურ სამუშაოს - არანჟირებას, სწორი საუნდის შერჩევას, არტისტისთვის სწორი ნიშის განსაზღვრას, გიტარის, ბითის თუ ვოკალისთვის ახლებური ხმის მოძებნას და ა.შ. ერთი სიტყვით ყველაფერს, რაც უშუალოდ პროდუქტის „საუნდს“ განსაზღვრავს მისი რელიზის შემდეგ.

პროდიუსერთა უმეტესობას ყოფილი მუსიკოსები, ან მუსიკასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ხალხი შეადგენენ. სიტყვა „პროდიუსერი“ ძალიან ხშირად სიტყვა „მენეჯერის“ მაგივრად იხმარება - რაც არასწორია, მაგრამ ამას თავისი მიზეზებიც აქვს - წარსულში, როდესაც პოზიციები ასე მკაცრად არ იყო განსაზღვრული, მუსიკოსების უმეტესობას ხელი არ მიუწვდებოდა პროდიუსერის სერვისზე და მენეჯერი იძულებული იყო ეს ფუნქციაც შეეთავსებინა. ძალიან ხშირად, განსაკუთრებით თანამედროვე დროში პროდიუსერის გავლენა კომპოზიციაზე გაცილებით დიდია, ვიდრე თვითონ მუსიკოსის. უკვე გამოიკვეთა ორი კატეგორია:

1) პოპის, ჰიპ-ჰოპის და ე.წ. Urban მუსიკის პროდიუსერები, რომელნიც ძალიან ხშირად უფრო მნიშვნელოვან პირებად ითვლებიან და უფრო დიდ როლს ასრულებენ პროდუქტის შექმნისას, ვიდრე თვითონ არტისტი.

2) პროდიუსერები რომლებიც ექსპერიმენტალურ და სხვა „ნაკლებად კომერციული“ ჟანრის (თუმცა ესეც საკამათოა) არტისტებს ემსახურებიან, სადაც ხშირად ისინი განიხილებიან როგორც კიდევ ერთი დამატებითი მუსიკოსი, რომელიც იძულებულია ანგარიში გაუწიოს არტისტის ინტერესებს. თუმცა, ბუნებრივია ორივე მხარეზე არსებობენ გამონაკლისები.

არტისტ მენეჯერი

დღევანდელ დღეს კლასიკური არტისტ მენეჯერის ფუნქცია არამუსიკალური და ფინანსური საქმეების მოგვარებითაა შეზღუდული. როგორც წესი თანამედროვე მენეჯერს თითქმის არანაირი გავლენა არ აქვს არტისტის მუსიკაზე და ყველანაირი გავლენა აქვს ყველა იმ აქტივობებზე, რომლებშიც არტისტია ჩართული მუსიკის დაწერის შემდეგ - მუსიკის დაგზავნა ლეიბლებში და ფაბლიშერებთან, დისტრიბუცია, პიარი, დაკავშირება A&R თან, სწორი გუნდის შეკრება და ხელმძღვანელობა, უსასრულო ცდა რომ არტისტის მუსიკა ვინმეს მოაწონოს, სტრატეგიის და განრიგის შედგენა და განხორციელება, სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, ტურის დაგეგმვა და ტურში არტისტის ყველა საყოფაცხოვრებო თუ კრეატიული მოთხოვნის დაკმაყოფილება - ერთი სიტყვით მენეჯერი არის ადამიანი, რომლის საშუალებითაც შენ როგორც არტისტი ელაპარაკები გარე სამყაროს. მის გარეშე შენი კომუნიკაცია მხოლოდ მუსიკით და სცენიდან ხდება. დანარჩენ ყველა შემთხვევაში მენეჯერი არის ის მედიატორი, რომელიც უნდა იცავდეს არტისტს გარე სამყაროში ჩართულობის ვალდებულებისაგან და აძლევდეს მას საშუალებას ძირითადად კრეატიულ პროცესში იყოს ჩაფლული.

მენეჯერი ერთადერთი ფიგურაა არტისტის გუნდში რომელსაც აუცილებლად უნდა სჯეროდეს თავისი არტისტის და რომლის ურთიერთობაც არტისტთან დროთა განმავლობაში აუცილებლად პირადული გახდება (თუ თავიდანვე ასე არაა). ყველა დანარჩენისაგან განსხვავებით, მენეჯერეს ერთი კონკრეტული მიმართულება არ აბარია, არამედ ყველა მიმართულებას კურირებს არტისტის გარშემო. კონკრეტულ მაგალითზე რომ ავხსნათ, თუ შენ კონკრეტული არტისტი ჩამოგყავს, თვითონ არტისტს მაქსიმუმ ერთხელ ხელი ჩამოართვა და სელფი გადაიღო, ან მოკლედ სადილზე ელაპარაკო პოლიტიკაზე და მუსიკაზე. მთელი დანარჩენი კომუნიკაცია მენეჯერთან გაქვს ნებისმიერ საკითხზე თუ დეტალზე და დამიჯერე როცა თუნდაც 3-4 კონცერტიან ტურზე წახვალ, ზუსტად მიხვდები ამ გამყოფი ფარის არსებობის აუცილებლობას.

ფაბლიშერი

რას აკეთებენ ფაბლიშერები - ისინი უძღვებიან შენი მუსიკის, ოღონდ როგორც პროდუქტის ბიზნეს მხარეს, სანამ შენ შემოქმედებით წვაში ხარ. თუ შენს მუსიკას ფაბლიშერი გამოსცემს, ეს ნიშნავს რომ ის შეეცდება მოძებნოს ხალხი, რომელსაც შენი პროდუქტი დააინტერესებს (კინოსთვის, რადიოსთვის, ტელევიზიისთვის, თამაშებისთვის, ა.შ. ) და მასში ფულს გადაიხდის (აგრეთვე ხშირად ეძებენ სიმღერებს არტისტებისთვის, ვინც საკუთარ მატერიალს თვითონ არ წერს). ამგვარად, შენ ფაბლიშერს გადასცემ საავტორო უფლებების ნაწილს (ზოგ შემთხვევაში ყველა საავტორო უფლებას) იმ პროდუქტზე, რომელიც მასთან გინდა რომ გამოსცე. როგორც წესი, სტანდარტული გაყოფა 50/50 ზე ხდება. ახლო წარსულში ეს ხალხი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ შოუბიზნესში. თუმცა ციფრული რევოლუციის წყალობით, ახლა ბევრი მუსიკოსი უკვე საკუთარ თავს უწევს ფაბლიშერობას, ვინაიდან როგორც ავღნიშნეთ პროდუქტის მიწოდება მომხმარებლამდე ბევრად მარტივი გახდა. გარდა ამისა, უფრო და უფრო მატულობს არტისტების რიცხვი, რომელნიც თვითონ ქმნიან საკუთარ კომპოზიციებს და არ სჭირდებათ ფაბლიშერი მათთვის სიმღერის საპოვნად. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ფაბლიშერებს თავიანთი კონტაქტების და წარსული გავლენის წყალობით ჯერ კიდევ აქვთ სერიოზული გავლენა შოუბიზნესზე. 

ბუქინგ აგენტი

ბუქინგ აგენტები გახლავთ ხალხი, ვინც ჯავშნიან ვენიუებს, შოუებს და საკონცერტო დარბაზებს იმ არტისტისთვის, რომელსაც წარმოადგენენ (ან უნდათ რომ წარმოადგენდნენ). ისინი პასუხისმგებლები არიან ნებისმიერ დეტალზე, რომელიც კონკრეტული შოუს/კონცერტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ წარმოიშობა. ისინი ზრუნავენ შეთანხმებებზე რომელიც ეხება შენს საუნდს, რაიდერს (რაიდერი - არტისტის მოთხოვნათა ჩამონათვალი), განათებას, საცხოვრებელ ადგილს, შენი და შენი გუნდის ტრანსპორტირებას და ერთი სიტყვით ყველაფერს, რაც დათქმული პერფორმანსის იდეალურად ჩატარებას ემსახურება. აგრეთვე, მეორეს მხრივ, ისინი ხშირად კერძო პირების ან ორგანიზაციების დაკვეთით, ეძებენ და ჩამოჰყავთ არტისტები რომელნიც დამკვეთის მოთხოვნებში და ბიუჯეტში ჯდებიან. 

ბუქინგ აგენტები, ანუ შემოკლებით ბუქერები ჰყავთ როგორც არტისტებს, ასევე პრომოუტერებს, რომლებსაც არტისტები ჩამოჰყავთ ფესტივალზე, დარბაზში თუ სხვა ღონისძიებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში პრომოუტერი თვითონვე არის ბუქერი.

ბუქინგ აგენტების წრე ყველაზე დახურული წრეა რაც კი მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებობს. გასაგებია რატომაც - ამ ადამიანების ერთობლიობა წყვეტს ვინ სად უნდა დაუკრას, რამდენი მიიღოს და რეალურად მთელი ინდუსტრიის ლაივ ნაწილის ტრენდებზე პასუხისმგებლები ეს ადამიანები არიან - პლანეტის ტოპ ბუქერებს შეუძლიათ ორიოდე მეილის საშუალებით ჩასვან კენდრიკ ლამარი ან ლანა დელ რეი კოაჩელას ფესტივალის ჰედლაინერად, ან ერთი ზარით თავიანთ არტისტს ჯიმი კიმელის და ელენის შოუებში დაუბევონ ადგილი. შესაბამისად, მათ წრეში ძირითადად იმის მიხედვით გაფასებენ, თუ რა გაქვს აქამდე გაკეთებული და ვისთან გითანამშრომლია წარსულში. წამყვანი ბუქინგ სააგენტოები დაახლოებით ჩამოჰგვანან უოლ სტრიტის საფონდო ბირჟას თავისი მგლებით და ზვიგენებითურთ.

პრომოუტერები

პრომოუტერები არიან ადამიანები რომლებიც აწყობენ კონცერტებს და ივენთებს. ზოგი პრომოუტერი კონცერტების/შოუების და არტისტის რეკლამაზე მუშაობს - ასეთი პრომოუტერის სამუშაო სარეკლამო აგენტის სამუშაოსგან დიდად არ განსხვავდება - მათ უნდა შეეცადონ რომ მათი ბენდის კონცერტი, ალბომი ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი ყველა ხელმისაწვდომ მედია და არა მედია რესურსში გაჟღერდეს და დარეკლამდეს. ეს შეიძლება დაიწყოს ქუჩაში პოსტერების გაკვრით და მსმენელთა მეილების და სოცმედიის შენი აფიშებით დასპამვით და დამთავრდეს რამდენიმე მილიონიანი პიარ აქციით ყველაზე რეიტინგულ მედიაში.

ძირითადად კი პრომოუტერი არის მთავარი პერსონა და როგორც წესი, მთავარი ფულის ჩამდები კონცერტში, ივენთში თუ ფესტივალში. საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და საბჭოთა ენაზე რომ ვთქვათ, ივენთის "დირექტორი". პრომოუტერი ან პრომოუტერები მართავენ ივენთს, ყიდიან ბილეთებს, თანამშრომლობენ სპონსორებთან და პასუხისმგებლები არიან ივენთის შესაბამისად ჩატარებაზე. თუ საქმე კარგად წავა - პრომოუტერი დიდ ფულს და სახელს მოიპოვებს, თუ ცუდად - შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ფული წააგოს/დაკარგოს და ისეთი დარტყმა მიიღოს იმიჯზე რომ შემდეგი ივენთის ჩატარება საერთოდ ვეღარ შეძლოს.

რაც შეეხება A & R -ს, ეს ის ხალხია ვინც შენი მუსიკა უნდა მოისმინონ და შეაფასონ. მათ ცალკე განვიხილავთ შემდეგ პოსტში, შენი მუსიკის დემოების გაგზავნის ამბებთან ერთად.

ხოლო დანარჩენს რაც შეეხება, ამ ინდუსტრიაში კიდევ ათეულობით პოზიცია არსებობს, თუმცა როგორც წესი დანარჩენები ამ ინსტიტუტების შემავალ ნაწილს ან მათ ცალკეულ განშტოებას წარმოადგენს. თუმცა, ინტერესის შემთხვევაში აგერ არის ყველაზე ინფორმატიული რესურსი ამ საკითხთან დაკავშირებით რაც საერთოდ მინახავს - აქდაახლოებით 60 პოზიციაა განხილული.

მსგავსი ბლოგები