Carry On – 25 წლის შემდეგ

ავტორი: ნიკო ნერგაძე

26 ოქტომბერი, 2019

10 წუთის წასაკითხი

13 ნახვა

მუსიკა ზუსტად ისევე ჟღერს, როგორც წლების წინ. Please Just Carry On-ის ახალი ვერსია ხომ სიმღერის კი არა, ვიდეოკლიპის ქავერია. გახსენება კი არა, უფრო იმის გარკვევა, ვინ როგორ გაიზარდა და როგორი გახდა.

Soft Eject ამ ვიდეოთი გახდა ცნობილი ლამის 25 წლის წინათ. თუმცა, მაშინ ვიდეოს არავინ ამბობდა - კლიპი ერქვა. ამ კლიპში გადაღებული ბავშვები კი გაიზარდნენ, შეიცვალნენ და ზოგს ახლა იმაზე უფროსი შვილი ყავს, ვიდრე თავად იყო, როდესაც იღებდნენ.

უფრო სწორად, გაიზარდნენ და შეიცვალნენ კი არა, გავიზარდეთ და შევიცვალეთ. ერთ-ერთი ეგ ბავშვი მე ვიყავი.

კლიპში მაინცდამაინც არ ვჩანვარ - მხოლოდ ერთ კადრში ვჩნდები, როდესაც სცენაზე მოულოდნელად იხსნება ფარდა და გაკვირვებას ვთამაშობ. მთლად საოსკარე პერფორმანსი არაა - არაბუნებრივად ვიქნევ ხელებს, თითქოს დენმა დამარტყაო.

სხვები უფრო ბუნებრივები არიან - მაინცდამაინც არაფერს აკეთებენ - ახალგაზრდები და ლამაზები არიან და დროდადრო იღიმებიან.

სამწუთიან კლიპში ჩვენ დაახლოებით წუთნახევარი გვაქვს. დღეს ამ წუთნახევარს ალბათ, გაწიე-გამოწიე, ერთ დღეში გადაიღებდნენ. ბევრი არაფერი უნდა - ჩააცვი, დაგრიმე, დასვი, მატორ, გადაღებულია.

1995 წელს კი ამ წუთნახევრის გადაღებას თითქმის ერთი თვე დასჭირდა.

რად უნდოდა ამას ამდენი დრო არ ვიცი. ალბათ უფრო ტემპშიც შეიძლებოდა გადაღება. არადა, კიდევ კარგი, რომ ეს დრო დაჭირდა. პროფესიონალურად - ჰოპ-ჰოპ და მოვრჩით - რომ ყოფილიყო, ამდენი კარგი მოგონება კი არ დაგვრჩებოდა.
დიღომში, კინოსტუდიის შენობაში თითქმის ყოველდღე მივდიოდით. კოლმეურნეობის მოედანზე გაჩერებასთან ვიკრიბებოდით, ავტობუსში ვსხდებოდით და მთელი გზა ვხმაურობდით. მეცხრე თუ მეათე კლასში ვიყავით, აბა რას ვიზამდით.

კინოსტუდიის ეზოში ძირითადად გადაღების დაწყებას ველოდებოდით ხოლმე. ხანდახან მთელი დღე ისე გავიდოდა, რომ არც არაფერს ვიღებდით. თუმცა, ცხადი ამაზე არავინ წუხდა - გასართობი ისედაც ბევრი იყო.

აი, რა იყო გასართობი, მომკალი და არ მახსოვს. კარგი, ხანდახან გრძელ ვირს ვთამაშობდით (ეს არაფრის ევფემიზმი არ გახლავთ, პირდაპირი გაგებით გრძელ ვირზეა ლაპარაკი), სხვა დროს ფეხი რომ უნდა დააბიჯო სხვას იმ თამაშს, ჩვენს დროს ტრი პიდნადცაწ ერქვა, ახლა ალბათ სრი ფიფტინ?

ერთხელ, ნახევარი დღე განვიხილავდით, როგორი გახარებული მოვიდა თაკო და „იქ ქაფიანი რძე“ ვნახეო, გვითხრა. უფრო სწორად, ჩვენ გავიგეთ ეგრე, სინამდვილეში ზურაბ ქაფიანიძე დაუნახავს და მაგაზე ვხალისობდით. მოსაყოლად, ცხადია, სასაცილო არაა, „იქუნდაყოფილიყავი“ ამბავია, მაგრამ ძირითადად დღე ეგეთ რამეებში გადიოდა.

აი, ძალიან მგონია, რომ ეგ ენერგეტიკა თუ განწყობა თუ რაცაა რაღაც ხერხებით მაყურებელსაც გადაეცემა ხოლმე.

ცხადია, Carry On-ის წარმატება მთლიანად სიმღერის დამსახურებაა. კლიპის გარეშეც ყველას დაამახსოვრებდა თავს. მაგრამ ეგ ვიდეომაც ხომ გააკეთა თავის საქმე?

მოკლედ, არ ვიცი რამდენად ზუსტად ჰქონდა ეგ გათვლილი ამ კლიპის რეჟისორს, ქუცნა ამირეჯიბს, მაგრამ ერთი თვე დიღომში წანწალმა ვიდეოს მგონი ძალიან კარგი საქმე გაუკეთა. ძალიან მგონია, რომ ენერგეტიკა არის თუ განწყობა თუ პონტი თუ, რაც გინდათ ის დაარქვით, არ იკარგება. გადაღებებზე ხშირად ბევრი არაფერი გვიკეთებია, მაგრამ ძალიან ვერთობოდით. უფრო სწორად, გართობაზე მეტად, ალბათ უფრო უბრალოდ კარგად ვიყავით.
პრინციპში, სიმღერა რაზეცაა, ჩვენც ეგ განწყობა გვქონდა. მოსაყოლად შეიძლება დიდი ვერაფერი, მაგრამ მუსიკაც ხომ მაგისია, რომ რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ, ის გაგრძნობინოს?

მსგავსი ბლოგები