არაფერი გვაქვს სამართ[ლ]ებელი?!

ავტორი: სალომე ვარდანაშვილი

30 სექტემბერი, 2024

7 წუთის წასაკითხი

603 ნახვა

“ძალიან ცოტა მჭირდება, რომ ვიცოცხლო, ძალიან ბევრი რომ მოვკვდე. ძალიან ცოტა მჭირდება, რომ მოვკვდე ძალიან ბევრი რომ ვიცოცხლო…”

ამ ტექსტით იწყება ახლად შექმნილილ პროექტის სამართ[ლ]ებელი | SAMART[L]EBELI სადებიუტო ალბომი “Heilung”(გერმანულად-განკურნება) და უკეთესი ციტატა არც კი მაფიქრდება, რომელიც ჩვენს სამწუხარო ყოველდღიურობას ასე კარგად აღწერდეს.

“სამართლებელი” ნიკიტა მამარდაშვილის პერსონალური, ერთი ადამიანის ბენდი(one-man band) და პროექტია, რომელზეც 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.

“სულ მინდოდა მსგავსი პროექტის დაწყება, მაგრამ ამ ჟანრში ბენდის შეკვრა არ არის მარტივი”

ქართულ მუსიკალურ სცენაზე ნიკიტა ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი არტისტია, უკომპრომისო და გულწრფელი, ნუგეშისმცემელი, რომელიც არასდროს ერიდება იყოს ჩაგრულთა ხმა და ხმამაღლა ისაუბროს უსამართლობებზე.

ამისი კარგი მაგალითია ნიკიტას სხვადასხვა პროექტების შემდეგი კომპოზიციები:

“Punk Mouse-ყველაფერი ძვირია”

“ძვირია!!!! დილით გარეთ გავიხედე, დავინახე ცეცხლი თურმე ფასებს ასდიოდა დავიკიდე და ვთქვი ხედავ? რომ ყველაფერი ძვირია: ჭამა, პური, სექსი, ფული და სიკვდილიც ძვირია, ყველაფერი ძვირია! ყველაფერი ძვირია! ყველაფერი ძვირია”

და “Postalion-ქუჩის ბოლო”

“შენ ვერავის დაჩაგრავ, შენ ვერ შეგვეხები ჩვენ“

ნიკიტას სხვა პროექტებისგან განსხვავებით, სამართლებელი DSBM, ბლექ მეტალის, ბლექ გეიზისა და ატმოსფერული დეპრესიული ბლექის ნაზავია.

პროექტის სახელი ორაზროვანი და დანის პირზე მორბენალობაა. თითქოს გეუბნება:

-აჰა შენ სამართებელი, მანახე შენი შრამები, მომანდე შენი სულის ტკივილი, მე გაგიგებ, მე ვიქნები შენი ტკივილის გიდი, არაფერი გვაქვს სამართლებელი.

“სამართებელი ჭრილობების გასახსნელად და სამართლებელი, ერთმანეთის დასასაფორთებლად და განსაკურნად… არის რაღაც გამოცდილებები რაც საშეაროა, არის სიმძიმეები, რომლებიც განცდილია.”

;

ალბომი 5 კომპოზიციისაგან შედგება და მაისში გამოიცა, გაზაფხულის აქციების ვნებათაღელვისას. იმ მომენტში დასტრესილი, ნიჰილიზმში და ფრუსტრაციაში მყოფი მსმენელისთვის, ჩემთვის, რომელმაც არც კი იცოდა ამდენი ემოცია სად წაეღო და რა ფორმით გამოეხატა, რადგან უსამართლობა ჩვენს დღის წესრიგად იქცა, სწორედ მაშინ ნამდვილი კათარზისი აღმოჩნდა. მეგონა, რომ ცუდი სიზმრის ნახვის შემდეგ, რიტუალურად წყალს მოვუყევი ყოველივე და ყოფა გამიმარტივდა.

“სამართებელი, როგორც სამართლებელი შენი თუ სხვისი, ვენტილაციის საშუალება და განცდილი გამოცდილებების გაზიარებაა არა დემონიზაციისთვის და მასში ჩაკეტვისთვის არამედ მკურნალობისთვის.”

ეს ალბომი თავადაც კარგი მსმენელია, დიდი მიმღებლობა აქვს და ღონეგამოცლის თავზე ხელსაც გადაგისვამს. ალბომის ვიზუალურ ნაწილზე ფოტოგრაფმა გურამ მურადოვმა და ვიზუალურმა არტისტმა jijla-მ იმუშავეს. პოლაროიდ ფოტოების ავტორი კი KOI-ა.

პ.ს ქვეყანაში განვითარებული სავალალო მდგომარეობის გამო ნიკიტა მალე ემიგრაციაში წასვლას გეგმავს.

ქვეყნის დატოვებამდე ბოლო ლაივი იგეგმება, რომელზე დასწრებასაც ყველას გირჩევთ



მსგავსი ბლოგები