აპრილის თვითექსპრესია ლირიკაში

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე

20 თებერვალი, 2021

14 წუთის წასაკითხი

2 ნახვა

განსაკუთრებული წინასწარმეტყველური უნარების გარეშეც შემიძლია გითხრათ, რომ არა სონი ერიქსონის W სერიის მობილურ ტელეფონში არსებული აპლიკაცია MusicDJ, თქვენ დღეს ამ სტატიას ვერ წაიკითხავდით - სწორედ ამ მარტივი მუსიკის შესაქმნელ აპლიკაციასთან 9 წლის ასაკში დაწყებული თამაშით მოვიდა დღევანდლამდე ამ ბლოგის გმირი ირაკლი ლომსაძე, იგივე Aprilee.

დიახ, მუსიკაში ის საკუთარი ინტერესით, ოჯახის ჩარევის და განსაკუთრებული ინსპირაციის (ინსპირატორის) გარეშე მოხვდა. უკვე თინეიჯერმა FL Studio-ში მოსინჯა საკუთარი „პროდიუსერული“ შესაძლებლობები - ეს იყო ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის შექმნის მცდელობები. იმდროინდელი ჩანაწერები დღეს ჩვენთვის „უხიალავია“. ერთადერთი ამ მიმართულების ტრეკს ირაკლის საუნქლაუდის გვერდზე იპოვით - Windy Grows ორი წლის წინ CES (შემოქმედებითი განათლების სტუდიაში) სწავლის პერიოდში შექმნილი კომპოზიციაა.

აი, ჰიპ-ჰოპში, როგორც თვითონ ამბობს, ძველმა ბრონქსელმა რეპერმა და პროდიუსერმა Kool Keith-მა „შეიტყუა“.

- ჰიპ-ჰოპის მიმართ მანამდე არსებული რაღაც სტერეოტიპული აღქმა შემიცვალა - ჟანრობრივი ზღვარი წაშალა... ის, რაც ზედაპირზე ჩანდა, SnoopDog... 50 cent... მეგონა, რომ ამ მუსიკას მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის ადამიანები უსმენდნენ... Kool Keith ჯერ კიდევ 90-იანებში ჟღერადობაში ისეთ მრავალფეროვნებას აღწევდა... როკ ენ როლი, ელექტრონიკა...

მაშინ მივხვდი, რომ მუსიკა არის მუსიკა და ექსპრესია!"

ირაკლისთვის საინტერესო მიგნებად და მიმზიდველად აღმოჩნდა ჰიპ-ჰოპის სიახლოვე პოეზიასთან - ბევრად ადრე, ვიდრე მუსიკით დაინტერესდებოდა, წერდა ლექსებს და მოთხრობებს. ეს პოეზიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულობა იგრძნობა Aprilee-ის ლირიკაში:

- ამ ბოლოს ძრითადად კი ტრეკებისთვის ვწერ ლირიკას, მაგრამ ეს არაა მხოლოდ ბითების შესავსებად დაწერილი ტექსტი - ეს თვითექსპრესიაა... საინტერესო მოგზაურობაა სიტყვის მელოდიურობაში, შინაარსსა და ქვეტექსტებში.

Kool Keith და შემდეგ MF DOOM-ის შემოქმედებასთან დაახლოებამ კიდევ სხვა, ახალი „ძველი“ სახელები Tribe Call Quest, The Pharcyde გამოაჩინა. ამ ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის ტალღამ ირაკლი ლომსაძე ფსევდონიმით Drane, ერთ დღეს თბილისის ერთ-ერთ სტუდიაში მიიყვანა, სადაც სესიაში საათში 15 ლარს იხდიდა და ასე ლატვიელ ბითმეიქერთან nxxxxxs-სთან კოლაბორაციით შეიქმნა ტრეკები 001 და Dare. ერთიც, Inversion საკუთარ „გარაჟში“ ჩაიწერა და ასე შეიკრა ეს პირქუში ჰიპ-ჰოპ ტრილოგია.

15 ლარი კი ისე ჯღერს... მაგრამ მაშინ, როდესაც დედის მკურნალობისთვის საჭირო თანხას ოჯახი ძლივს უყრიდა თავს და ბავშვის დაბადების მოლოდინში ახალი საზრუნავები ემატებოდა, ჩაწერისთვის საჭირო ამ „სასაცილო“ თანხის გროვება ირაკლის მგზავრობაზე დაზოგვით უწევდა.

- ამ ტრეკებზე მუშაობისას ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე იყო ის, რომ არაფერიც არ ვიცი... და დავიწყე ამაზე მუშაობა.

პროდიუსინგის და ხმის ინჟინერიის სწავლის და მუშაობის პარალელურად „სხვანაირი“ ჰიპ-ჰოპის (უფრო jazzy, Chill..) კეთებით დაინტერესდა და სახელიც შეიცვალა - Aprilee. ამ პერიოდში შექმნილი ტრეკებიდან გამოვარჩევდი ლირიულ If You Could-ს.

აპრილი კი არ დავირქვი... ვთვილი, რომ აპრილი ვარ... ვარ აპრილში დაბადებული. რაღაცნაირი თვეა, ცვალებადი, არაპროგნოზირებადია.შემოქმედებითად მეც ასეთი ვარ.. ასე ვთქვათ, ამ სახელთან დაკავშირებული წრე შარშან აპრილის მიწურულს დედას გარდაცვალებამ შეკრა..

ინგლისური ტექსების გვერდით ქართული ტექსტებით 2 წლისწინანდელმა ექსპერიმენტმა, როგორც დადებით გამოხმაურება, ასევე საინტერესო შემოქმედებითი პროცესი მოიტანა - მაშინ დაწყებული კოლაბორაცია ასევე ქართველ არტისტთან მელქოსთან, მალე ახალი, საერთო EP-ის გამოიცემით დაგვირგვინდება.

ჰიპ-ჰოპის უმთავრესი მახასიათებელი კოლაბორაცია, ბითმეიკერის (დიჯეის) და MC-ს ერთობლივი მუშაობაა - ამ ხერხემალს მიყვება ირაკლიც. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც პროდიუსინგში გარკვეული მიღწევები აქვს, ამჯობინებს სხვასთან თანამშრომლობას და ასე შედგა ბაჩო სვანიძესთან და Kulibaba-სთან (გოგი ჩაჩანიძესთან) კოლაბორაცია... ამ უნიჭიერესი ახალგზარდა მუსიკოსის Kulibaba-ს შემოქმედება, სამწუხაროდ, ბევრმა (და არამხოლოდ ჰიპ-ჰოპის მოყვარულმა) გოგის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ გაიცნო.

- გოგი უხლოესი მეგობარი იყო... გვქონდა შემოქმედებითი სიახლოვე... ის მაინც მახარებს, რომ ერთი რელიზი დამრჩა სამახსოვროდ.

ირაკლი ამ ჯაზ ჰიპ-ჰოპ ჟღერადობის ტრეკზე I’m Okayსაუბრობს.

ბაჩო სვანიძესთან კოლაბორაციის შედეგი, ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი Distorted Days ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნდა.

ბაჩო სვანიძე ამ ათიოდე წლის წინ გაიცნო ქართველმა მსმენლმა SvanSikh-ის წევრად. ამ პოპ დუოს მუსიკისგან დამოუკიდებლად ბაჩო საკუთარ შემოქმედებასაც მიყვება არაერთი მიმართულებით და სწორედ ამ „ველზე“ გადაიკვეთა ირაკლისთან.

- ადრე გაკეთებული 2-3 ინსტრუმენტალი მოვასმენინე ირაკლის... ეს ჰიპ-ჰოპ და თრიფ მიმართულების ბითები იყო, რომლებიც ითხოვდა რეჩიტატივს... ისიც დაინტერესდა და ასე შედგა კოლაბორაცია... მას შემდეგ დროდადრო ვთანამშრომლობთ.

-ბაჩო სვანიძე

ამ ორი არტისტის კოლაბორაციის პირველი შედეგი, 90-იანების ნოსტალგიური ჟღერადობის Soul Rental Leno Records-თან თანამშრომლობით, დააახლოებით ერთი წლის წინ გამოიცა. ამ ლეიბლის ბაზაზე პანდემიის პერიოდში ჩატარებულ არაერთ ინტერნეტ კონცერტში მიიღო მონაწილეობა Aprilee-მა.

- Leno Records-ზე, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და ხარისხიან სტუდიაში მოხვედრა იმ „15 ლარიანი“ სესიებიდან და ჩემი გარაჟიდან, რაღაც საოცრების ნაწილი იყო... სასიხარულო და მოტივაციის მომცემი.

Leno Records-ის ეგიდით გამოიცა Kulibabas-თან ერთად გაკეთებული I’m okay, თუმცა ამის შემდეგ ირაკლიმ ლეიბლისგან დამოუკიდებლად მუშაობა განაგრძო.

ახლა Aprilee-ის შემოქმედებაში „ნიუ სქულ“ ჰიპ-ჰოპ ჟღერადობით დაინტერესების ეტაპი დგას და ამ მიმართულების ალბომის გამოცემაზე ფიქრობს.

და კვლავ კოლაბორაცია - ზემოთ უკვე ნახსენებ, მელქოსთან ერთად გამოსაცემად მზა მცირე ალბომის გარდა, გაზაფხულის ბოლომდე გამოიცემა ასევე 3 ტრეკიანი EP ელექტრონულ დუეტთან Holy Moly-სთან კოლაბორაციაში. და კიდევ, ირაკლიმ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო გიორგი პაქსაშვილთან, პროდიუსერთან, რომლის ფსევდონიმიც Gebb უკვე გამოჩნდა Aprilee-ის სახელის გვერდით, სიმებიანი კვარტეტის თანხლებით Leno Records-ის ონლაინ კონცერტის მსვლელობისას ჩაწერილ კომპოზიციაში Echo Of The Flow.

... და ეს ყველაფერი Sony Ericsson-ის წყალობით! :) (ვხუმრობ).



მსგავსი ბლოგები