ადამიანი რკინის ნიღბით

ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი

15 იანვარი, 2021

10 წუთის წასაკითხი

1 ნახვა

„Livin off borrowed time, the clock tick faster”

2020 წლის ბოლო საათებში ცნობილი გახდა, რომ ჩემთვის ყველა დროის უსაყვარლესი ხელოვანი გარდაიცვალა... MF DOOM-ის სიკვდილის შესახებ მისმა ცოლმა, ჟასმინ დუმილემ, ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ლეგენდარული არტისტი სიცოცხლეს 31 ოქტომბერს დამშვიდობებია. სიკვდილის მიზეზი უცნობია. ამ ქვეყნიდან წასულა ჯადოქარი ემსი და პროდიუსერი — შენი საყვარელი რეპერის საყვარელი რეპერი.

„Best emcee without any chains you have ever heard”

დანიელ დუმილე დიდი კაცი იყო. დღემდე ძალიან დაუფასებელი დიდი კაცი... შეიძლება ითქვას, ეპოქალური ადამიანი, რომლის მსგავსი კაცობრიობას არავინ ჰყოლია. DOOM-ის მუსიკა ზედაპირულად მოსასმენი და იოლი აღსაქმელი არ არის, ამიტომაც, მისი პოპულარობა ჰიპ-ჰოპ კულტურის გურმანების წრეებს და მიწისქვეშეთის სამყაროს მქექავებს დიდად არ გასცდენია. თუმცა, დუმილეს აბსოლუტურად უნიკალური, ორიგინალური რითმები და ამ ჯადოსნური ფრაზების საძირკველი — შესანიშნავი ინსტრუმენტალები, როგორც უკვდავი შედევრები, ისტორიას სამუდამოდ დარჩება. ტომ იორკის საყვარელი არტისტი როდესაც ხარ, ეს უკვე ალბათ ბევრ რამეზე მეტყველებს.

როგორც არაერთი სხვა გენიოსის ცხოვრების ამბავი, დანიელის განვლილი გზაც ტრაგიზმითა და ტკივილით არის სავსე. თუმცა, სანამ ჰიპ-ჰოპის ანაკინი დართ უეიდერი გახდებოდა, მას მანამდე უდარდელი ბავშობა ჰქონდა. ბედნიერი ცხოვრება, რომელიც ერთ წამში თავდაყირა დადგა. ერთმა ტრაგიკულმა მომენტმა ყველაფერი შეცვალა და მუდმივად მომღიმარი, პოზიტიური ახალგაზრდისგან ჰიპ-ჰოპ მუსიკის მთავარი ანტაგონისტი შვა.

დანიელ დუმილე 1971 წელს, ლონდონში დაიბადა. ტრინიდადელი დედის და ზიმბაბველი მამის ოჯახი ბავშვის დაბადებიდან მალევე ნიუ-იორკში გადასახლდა და ლონგ-აილენდზე დამკვიდრდა. ახალგაზრდა დანიელს ცხოვრებაში ორი მთავარი ინტერესი ჰქონდა: მუსიკა და ამერიკული კომიქსები. ლონდონში გატარებული ბავშობის წლები დუმილეს საერთოდ არ ახსოვდა, თუმცა ამერიკის მოქალაქეობა მას არასდროს მიუღია და ბოლომდე ბრიტანეთის მოქალაქე დარჩა. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანიელი მთელი თავისი არსით ნიუ-იორკის ქუჩების პროდუქტი იყო, რაც ყველაზე კარგად მის ლექსიკაზე და ლაპარაკის მანერაზე აისახა.

ნიუ-იორკული სლენგი შეუდარებელია მაშინაც კი, როდესაც მას ჩიმჩაირა ადამიანები ხმარობენ, ხოლო ძალიან ნაკითხმა დუმილემ ეს აქცენტი თავის სასწაულ, მრავალფეროვან ლექსიკონს შეუზავა და შედეგად მისი ლირიკა სრულიად უნიკალური გახდა. ქუჩის პოეზია თუ რამეზე შეიძლება ითქვას, პირველ რიგში, ალბათ დუმილეს ტექსტებზე. არ ვიცი იმაზე მეტი სიტყვა რომელიმე არტისტს თუ უხმარია, რაც დუმს თავის ვერსებში აქვს გამოყენებული. იქ ნახავთ როგორც ქუჩურ ტერმინებს, ისე ლიტერატურულ ლექსიკას და სრულიად შეუდარებელ, გენიალურ მეტაფორებსა თუ მინიშნებებს.

„Giving y’all nothing but the lick like two broads, Got more lyrics than the church got “Ooh Lords”

ლინგვისტებისთვის და ლიტერატორებისთვის დუმილეს შემოქმედება ძალიან საინტერესო უნდა იყოს. მჯერა, როდესაც ჰიპ-ჰოპის მიმართ გამეფებული არასწორი სტიგმები დაიმსხვრევა და ხელოვნებათმცოდნეები ამ უდიდესი კულტურით სერიოზულად დაინტერესდებიან, დუმი ამერიკულ შემოქმედებაში დაახლოებით ისეთივე ფიგურა გახდება, როგორიც, მაგალითად, შესანიშნავი პოეტი Wystan Hugh Auden არის.

„Brush your teeth, rinse and gargle, A true nerd who messed with new words since Boggle, And used slang in Scrabble, Rhymed with a Northern drawl, twang and babble, Flossy pen jargon to break the world record, Do a Faustian bargain and tape the girl naked, More spots than a leopard, Then he had to stop, the block was hot peppered…”

დიახ, დუმის შემოქმედება ლიტერატურაა და ამაზე მეტიც არის. ეს არის სასწაულ მუსიკასთან შეზავებული გენიალური ქუჩის პოეზია; აბსოლუტურად ნაღდი, არა ყალბი — რამდენადაც სტრუქტურულად რთული და ლინგვისტურად ჩახუჭუჭებული, იმდენადვე მსუბუქი და იუმორით სავსე.

„Catch a throatful from the fire vocal, Ashing and molten glass like Eyjafjallajokull (ვულკანი ისლანდიაში)."

გარდა მრავალფეროვანი ლექსიკისა, დუმის ლირიკა რითმულადაც შეუდარებელია. ასეთი ჩახლართული, მრავალშრიანი რითმები არავის აქვს. მასთან ხშირად ერთ ხაზში ერთმანეთს რამდენიმე სიტყვა ერითმება და ამ სიტყვების ერთობლიობა საოცრად მუსიკალურ ტექსტებს ჰქმნის. ეს არის ცნობიერების თავისუფალი დინება, ურთულესი წყობით გადმოცემული:

„Its too hot to handle, you got blue sandel, Who shot ya? Ooh, got you new spots to vandal, Do not stand still, both show skills, Close but no krills, toas for po’ nills, post no bills, Coast to coast Joe Shmoe’s flows ill, go chill, Not supposed to overdose No-Doz pills…"

მიუხედავად ურთულესი სტრუქტურისა, დუმი თავის სათქმელს ერთი ამოსუნთქვით გადმოსცემდა. დუმილეს შესრულების სტილი იმით გამოირჩეოდა, რომ მიუხედავად ჰაეროვანი, თავისუფალი თხრობისა, მისი რითმები თვლიდან თითქმის არასდროს ვარდებოდა. ამას რეპერი დიდოსტატური პაუზების გამოყენებით ახერხებდა. პაუზის ხელოვნება დუმილეს ბოლომდე ჰქონდა შესისხლხორცებული. ერთი მოსმენით მისი სტილი მთვრალი კაცის ბოდვას მოგაგონებთ, მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ იქ ყველაფერი გათვლილია. თითოეულ ხმოვანს თავისი დატვირთვა აქვს და თითოეული ბგერა ტექსტის მუსიკალურობაში თავის როლს ასრულებს. ინგლისური ენა თუ ვინმემ მოათვინიერა, პირველ რიგში ეს ალბათ დანიელ დუმილემ შეძლო.

„Never let her interfere with the Yeti ghetto slang, Nicknames off nipple and tip of nipples metal fang, Known amongst hoes for the bang-bang, Known amongst foes for flow with no talking orangutans, Only gin and Tang, Guzzled out a rusty tin can, Me and this mic is like yin and yang.”

და ჯერ ჩვენ მხოლოდ ტექსტებზე ვსაუბრობთ... ასევე არის დუმილეს მუსიკა... მისი გენიალური, ჯადოსნური, მტვრიანი ბიტები, მულტფილმებისა და კომიქსების სემპლებით გაჯერებული. თითზე ჩამოსათვლელია არტისტები, რომლებიც როგორც პროდიუსერები, ისე რეპერები წარმატებულები იყვნენ და დუმი ერთ-ერთი მათგანია.

დანიელ დუმილემ მუსიკალური კარიერა ოთხმოციანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც თავის უმცროს ძმასთან DJ Subroc-თან და MC Rodan- თან ერთად ჯგუფი KMD ჩამოაყალიბა. მისი პირველი ფსევდონიმი Zev Love X იყო და თავდაპირველად დანიელი ამ სასცენო სახელით გამოდიოდა. MC Rodan-მა KMD მალევე დატოვა და ჯგუფს ახალი რეპერი Onyx the Birthstone Kid შეუერთდა. 1991 წელს KMD-მ თავისი პირველი ალბომი Mr. Hood გამოუშვა, რომელმაც ნიუ-იორკის მიწისქვეშეთის წრეებში დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო რამდენიმე სინგლი კომერციულადაც წარმატებული გამოდგა.

KMD-სთან მჭიდროდ თანამშრომლობდა იმ დროისთის უკვე ძალიან პოპულარული ჯგუფი Brand Nubian, რომლის წევრმა Grand Puba-მ დუმილეს ჯგუფის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა.

KMD-ს ტექსტები პოზიტიური მესიჯით, ხოლო პროდაქშენის ჟღერადობა მხიარული ვიბრაციით იყო გაჯერებული. ვინ წარმოიდგენდა, რომ ბედნიერი, მუდმივად მომღიმარი, სათვალეებიანი ახალგაზრდა Zev Love X მალე ჰიპ-ჰოპ კულტურის მთავარი ანტაგონისტი გახდებოდა…

„The motto goes: Sex, Drugs, and Rock ‘n’ Roll, I prefer: Love, Hugs, and Hip-Hop Soul.”

– Zev Love X

ყველაფერი 1993 წელს შეიცვალა. KMD-ის მეორე ალბომის, Black Bastards-ის, გამოშვებამდე სულ ერთი კვირა იყო დარჩენილი, როდესაც დანიელის უმცროს ძმას მანქანა დაეჯახა და DJ Subroc ადგილზე გარდაიცვალა. ამ ტრაგედიას თან ისიც დაერთო, რომ Elektra Records-მა ბოლო მომენტში ჩანაწერის გამოშვებაზე უარი თქვა, მიზეზად კი ალბომის ყდის პროვოკაციული გაფორმება დაასახელა.

დანიელ დუმილე ყველასგან მიტოვებული დარჩა. ის ინდუსტრიამ გაწირა, ხოლო მისი უმცროსი ძმა, რომელთანაც მას უახლოესი ურთიერთობა ჰქონდა, უკვე ცოცხალი აღარ იყო. ეს ყველაფერი ახალგაზრდა რეპერმა ძალიან რთულად გადაიტანა და მისი ტრანსფორმაციაც აქედან დაიწყო.

„There’s four sides to every story… If these walls could talk, they’d probably still ignore me.”

სამი წლის მანძილზე დანიელ დუმილე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამბობენ, რომ იგი უსახლკაროდ ცხოვრობდა, ნიუ-იორკის უბნებში დაეხეტებოდა და ღამეებს ქუჩის სკამებზე ათენებდა. 1997 წელს კი დუმილე დაბრუნდა. ის Nuyorican Poets Café-ში გამართულ ღია მიკროფონის ღონისძიებებზე გამოჩნდა, სადაც ფრისტაილებს ინკოგნიტოდ ასრულებდა. დუმილეს ნიღაბი ეკეთა და თავის ვინაობას არ ამხელდა. კეთილი, მომღიმარი Zev Love X აღარსად ჩანდა. მსმენელის წინაშე სულ სხვა ადამიანი იყო - ლუდის სმისგან გასუქებული, სევდიანი, ნიღბიანი კაცი, რომელსაც ვიზუალთან ერთად ხმაც შეცვლოდა და გეგონებოდა, წლების მანძილზე მისი ტემბრი კონიაკთან ერთად მუხის კასრში ძველდებოდა.

„The Villain ain’t rhyming off bread alone, Let him get some cognac, a mic and a headphone”

ასე გაჩნდა MF DOOM, როგორც რეპერი Metal Face, ხოლო როგორც პროდიუსერი Metal Fingers. ინდუსტრიაზე გაბრაზებულმა დუმილემ გადაწყვიტა უარყოფითი პერსონაჟის როლი მოერგო, რომელიც კორპორაციებს დაუპირისპირდებოდა და მუსიკის ინდუსტრიაში გამეფებულ სიყალბეს, მატერიალიზმს გაანადგურებდა. დუმილემ თავისი საყვარელი Marvel-ის კომიქსის Fantastic Four-ის პერსონაჟის Doctor Doom-ის როლი მოირგო და ჰიპ-ჰოპ მუსიკის მთავარი ანტაგონისტიც ასე გაჩნდა.

„A Villain in your land, and his land a ruler”

როგორც დუმილე შემდეგ მოგვითხრობს, მას უარყოფითი პერსონაჟები ყოველთვის იზიდავდა და მათ უკან ადამიანის ტრაგედიას ხედავდა. დანიელის ინსპირაცია კომიქსების გარდა, დოსტოევსკის გმირები იყვნენ და ასევე ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის „აპოკალიფსი დღეს“-ს მთავარი ანტაგონისტი პოლკოვნიკი კურცი, რომელსაც მარლონ ბრანდო შეუდარებლად თამაშობს.

ამ მეტამორფოზის შემდეგ დუმილე უნიღბოდ ფართო მასებში აღარასოდეს გამოჩენილა და ის ნიღბის გარეშე პრაქტიკულად არავის უნახავს. თავის ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში დანიელი ამბობს: „ნიღბის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვხედავდი ინდუსტრიაში მუსიკა თითქმის აღარავის აინტერესებდა. როდესაც ჰიპ-ჰოპი პოპულარული გახდა და ფულის წერა დაიწყო, გაჩნდა კორპორატიული იდეები, რომ მის გასაყიდად მთავარია სწორად გამოიყურებოდე... მუსიკა კომერციული პროდუქტის ერთ-ერთი უმნიშვნელო ნაწილად იქცა და პრიორიტეტი სხვა დეტალებს მიენიჭა. ეს სიმახინჯეა. ამიტომაც გავიკეთე ნიღაბი. არ აქვს მნიშვნელობა მის უკან ვინ დგას - თეთრია თუ შავი... ნიღბის მორგება ყველას შეუძლია. ჩემთვის მთავარია თუ რას ამბობს არტისტი; როგორ ჟღერს მისი მუსიკა. ეს არის მნიშვნელოვანი.“

90-იანი წლების ბოლოს დანიელი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ატლანტაში გადაბარგდა, სადაც ტრავმების მოშუშება დაიწყო და ინდუსტრიის მიმართ დაგროვილი ბრაზი შემოქმედებაში გარდაქმნა.

„By candlelight my hand will write these rhymes ‘til I’m burnt out, Mostly from experience, shit that I learned about, Topics and views, generally concerned about, With different ways to come up and earn clout.”

1999 წელს MF DOOM-მა თავისი პირველი სოლო ალბომი Operation: Doomsday გამოუშვა, რომელიც Bobbito Garcia-ს ინდი ლეიბლზე Fondle ‘Em Records-ზე გამოიცა. ლეგენდარულ დიჯეისა და რადიო წამყვანს, ბობიტო გარსიას დუმილეს კარიერის გაცოცხლებაში, ისევე როგორც ბევრი სხვა დაუფასებელი ჰიპ-ჰოპ არტისტის რენესანსში, უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ბობიტო გარსია სტრეჩ არმსტრონგთან ერთად წლების განმავლობაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჰიპ-ჰოპ გადაცემას მასპინძლობდა. The Stretch Armstrong and Bobbito Show ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის რადიო ტალღაზე მაუწყებლობდა. მაშინ, როდესაც მეინსტრიმში განგსტერული რეპი და კომერციული მუსიკა მეფობდა, სტრეჩი და ბობიტო მიწისქვეშეთის ბრილიანტებს ატრიალებდნენ. წამყვანების ბრწყინვალე გემოვნება, მათი არტისტებთან მეგობრული ურთიერთობა და რეპერების ცოცხალი შესრულებები ლეგენდარულ ჰიპ- ჰოპ გადაცემას ნამდვილად უნიკალურს ხდიდა. რადიო შოუში უამრავი დემო იკვრებოდა. გადაცემაში ბევრი ისეთი ნიჭიერი არტისტი ხვდებოდა, რომლებსაც ლეიბლებთან კონტრაქტები არ აკავშირებდათ და პრაქტიკულად მიტოვებულები, ღარიბები იყვნენ. შედეგად, 1995 წელს, ბობიტო გარსიამ დამოუკიდებელი ლეიბლის შექმნა თავად გადაწყვიტა. Fondle ‘Em Records-ის პირველი გამოშვება ლეგენდარული რეპერის Kool Keith-ის და მიწისქვეშეთის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი არტისტის Godfather Don-ის კოლაბორაციული პროექტი The Cenobites იყო. ბობიტოს ლეიბლზე შემდეგ წლებში კიდევ არაერთი დაუფასებელი არტისტი გამოიცა, მათ შორის დიდ სპორტში დაბრუნებული დანიელ დუმილეს სადებიუტო სოლო ნამუშევარიც.

Operation: Doomsday თავდაპირველად კომერციულად წარმატებული პროექტი არ გამოდგა. ალბომი ვინილზე ძალიან პატარა რაოდენობით დაიპრესა და ის დიდად ხელმისაწვდომი არ იყო. დუმილეს პოპულარობამ ფართო მასებში უფრო შემდეგ, Madlib-თან კოლაბორაციის მერე მოიმატა და 2015 წელს Operation: Doomsday უკვე დიდი რაოდენობით თავიდან გამოიცა. თუმცა, მიუხედავად პრაქტიკულად არარსებული პიარისა, დუმის სადებიუტო სოლო ალბომი ჰიპ-ჰოპის გურმანებისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო.

ადამიანი რკინის ნიღბით! ეს კონცეფცია ბევრისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა და დუმილე დროთა განმავლობაში საკულტო ფიგურად იქცა.

„He cleans his metal mask with gasoline, they after him, Last seen pulling chicks like a fiend pull a fast one, Can’t put shit past hi, Got niggas on his own team mad enough to blast him, Retarded in real life, on the mic Rain Man, Stand close to his main man like a chain gang.”

ალბომის პროდაქშენი თავის თავზე მთლიანად დუმილემ აიღო. საოცარი ჟღერადობის, უაღრესად მუსიკალური ბითები დუმილეს გენიალურ ლირიკას შეერწყა და საბოლოოდ ჯადოსნური ნაწარმოები მივიღეთ, რომელიც ისტორიას როგორც უკვდავი შედევრი სამუდამოდ დარჩება. ჩემი აზრით, Operation: Doomsday ჰიპ-ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

სადებიუტო სოლო ალბომის გამოშვების შემდეგ დუმილე არ გაჩერებულა და მომდევნო ხუთი წელი მის კარიერაში ყველაზე პროდუქტიული გამოდგა. 2001 წელს მან Metal Fingers-ის ფსევდონიმით ინსტრუმენტალური ალბომების სერიას Special Herbs-ს ჩაუყარა საფუძველი. 2005 წელს Metal Fingers-ს უკვე ათი Special Herbs-ის ალბომი ჰქონდა გამოშვებული.

დუმილეს პროდაქშენის გენიალურობა ასევე დამტკიცდა მის მორიგ ალბომში King Geedorah – Take Me To Your Leader, რომელიც 2003 წელს გამოიცა. დანიელმა კიდევ ერთი ალტერ ეგო შეარჩია და ამჯერად მსმენელის წინაშე როგორც სამთავიანი გველეშაპი King Geedorah ისე წარსდგა. დუმილე ამ ალბომში სულ რამდენიმე ვერსს ასრულებს და ტრეკები ძირითადად მოწვეული რეპერების ტექსტებისგან შედგება, თუმცა, ეს ფაქტი ჩანაწერს ღირებულებას არ უკარგავს. პროდაქშენის თვალსაზრისით Take Me To Your Leader ჩემთვის ყველა დროის ერთ-ერთი უსაყვარლესი ალბომია და ისიც როგორც დუმის პირველი სოლო ნამუშევარი უკვდავი შედევრია.

2003-2004 წლებში დანიელმა მეხუთე ალტერ-ეგო მოიფიქრა და ახალი პერსონაჟით ამ პერიოდში კიდევ ორი ალბომის გამოშვება მოასწრო. მისი შემდეგი ანტაგონისტი იყო Viktor Vaughn, რომელიც დუმილეს მოფიქრებული კომიქსური მითოლოგიის მიხედვით MF DOOM-ის მოსწავლე იყო. Viktor Vaughn-ის სასცენო სახელით დუმილემ Vaudeville Villain LP 2003 წელს, ხოლო Venomous Villain 2004 წელს გამოსცა. ამ ალბომებში პროდაქშენი დუმილემ სხვა არტისტებს მიანდო და მსმენელის წინაშე როგორც ემსი ისე წარსდგა.

2004 წელს დანიელი თავის ორიგინალ ანტაგონისტსაც დაუბრუნდა და MF DOOM-ის სასცენო სახელით მორიგი შესანიშნავი ალბომი Mm..Food გამოუშვა. ეს ჩანაწერი იმით გამოირჩევა, რომ მასში შესული ტრეკები უამრავი მინიშნებითა და მეტაფორით არის სავსე.

„Wilder than the Nile, Hold power like the great pyramids of Giza, And stay leanin’ like the tower of Pisa, Give him something he can feel that’s soft to squeeza, Raw with the pen and on the mic off the hezza.”

ინსტრუმენტალური რელიზები რომ არ ჩავთვალოთ, მთლიანობაში 2003-2004 წლებში დანიელმა ოთხი სრულფასოვანი სოლო ალბომი გამოუშვა, რაც ნებისმიერი არტისტისთვის ძალიან ბევრია. ეს პერიოდი მის კარიერაში ყველაზე პროდუქტიული იყო. თუმცა 2004 წელს დუმილემ კიდევ ერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა და იქამდე ფართო მასებში უცნობ რეპერს სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა.

ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერი Madlib დუმილეს მუსიკით მისი პირველი ალბომის Operation: Doomsday-ს მოსმენის შემდეგ აღფრთოვანდა და გადაწყვიტა რეპერთან კოლაბორაცია ეცადა, თუმცა დანიელი რთული გამოსაჭერი იყო, რადგან ის პრაქტიკულად განდეგილის ცხოვრებით ცხოვრობდა. მადლიბს დუმთან ურთიერთობის დამყარებაში Stones Throw Records ლეიბლის ბოსი, ასევე შესანიშნავი პროდიუსერი Peanut Butter Wolf დაეხმარა, რომელმაც დუმილეს ხმა მიაწვდინა, რომ მადლიბს მასთან დაკავშირება სურდა. დუმი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „როდესაც ჩემმა კარგმა მეგობარმა Peanut Butter Wolf-მა დამირეკა, მე მადლიბის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ვულფი ისეთი ენთუზიაზმით მელაპარაკა, რომ თანამშრომლობას ეგრევე დავთანხმდი.“

მადლიბმა და დუმმა ალბომზე მუშაობა 2002 წელს დაიწყეს და საბოლოოდ დღის შუქი მათმა კოლაბორაციამ 2004 წელს ნახა. კალიფორნიელი პროდიუსერი სამუშაო პროცესს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ასე აღწერს: „ვიკრიბებოდით, წავიდოდით კლუბში, დავთვრებოდით, შემდეგ მას ბიტებით სავსე სიდის მივცემდი. ის ტექსტზე მუშაობდა, მე დასაძინებლად მივდიოდი. მერე ის მიდიოდა დასაძინებლად, მე ვიღვიძებდი, ვნახავდი რა გააკეთა. როცა გაიღვიძებდა სოკოებს ვჭამდით და როდესაც მუსიკა მზად იყო, ერთად ვუსმენდით.“

Madvillain-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა და მუსიკის კრიტიკოსებმა ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომად მონათლეს.

ამ ძალიან გადატვირთული და პროდუქტიული პერიოდის მერე ჰიპ-ჰოპის მთავარმა ანტაგონისტმა პაუზა აიღო. მან თავის სიცოცხლეში კიდევ ორი კოლაბორაციული ალბომის ჩაწერა შეძლო - Danger Mouse-თან ერთად The Mouse and The Mask (2005) და Bishop Nehru-სთან ერთად Nehruvian Doom (2014), თუმცა გარდაცვალებამდე მხოლოდ ერთი სრულფასოვანი სოლო ალბომის გამოშვება მოახერხა.

2009 წელს დუმილეს ბოლო სოლო ნამუშევარი Born Like This გამოიცა, რომელზეც დიდი გავლენა ჩარლზ ბუკოვსკის პოეზიამ იქონია. ეს ჩანაწერი იმით გამოირჩევა, რომ მასში დუმმა სიტყვებით თამაში ახალ დონეზე აიყვანა და ინგლისური ენა მარტივ ნაწილაკებად დაშალა.

გარდა სრულფასოვანი ალბომებისა დუმილეს სხვადასხვა შემსრულებლებთან, როგორც მიწვეულ არტისტს, კონკრეტულ ტრეკებზე თავისი კარიერის მანძილზე არაერთი შესანიშნავი კოლაბორაცია ჰქონდა.

2010-იანი წლები დანიელმა ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ გაატარა, რადგან ერთ-ერთი ევროპული ტურის მერე იგი აშშ-ში პასპორტისა და მოქალაქეობის არ ქონის გამო აღარ შეუშვეს. თავისი ცხოვრების ბოლომდე დუმილე სავარაუდოდ ამერიკაში აღარასდროს დაბრუნებულა. მის პირად ცხოვრებაზე პრაქტიკულად არაფერია ცნობილი, რადგან დუმილეს ხალხში გამოჩენა არ უყვარდა და იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში საკულტო ფიგურა შეიქნა, ბოლომდე მისტიკურ მოვლენად დარჩა. ყველაფერთან ერთად, ის უარყოფითი პერსონაჟის როლს არ ღალატობდა და ხშირად კონცერტებზე ყალბ რეპერებს აგზავნიდა ხოლმე. შეკრებილი ხალხი დუმის ცოცხალ შესრულებას ელოდა და ამ დროს ნიღბით სხვა ადამიანი გამოდიოდა, რაც დუმილეს მოსასმენად კონცერტზე მისულ ადამიანებში დიდი იმედგაცრუებას იწვევდა. თუმცა, რას იზამ, ანტაგონისტი ბოლომდე ანტაგონისტად დარჩა.

სიკვდილამდე დუმილემ რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის მერჩენდაიზს უწევს პოპულარიზაციას. ბოლო წლებში, დანიელი თავს ძირითადად ამით ირჩენდა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, დუმილეს კიდევ ერთი ტრაგედია შეემთხვა. მისი 14 წლის შვილი King Malachi Ezekiel Dumile ტრაგიკულად გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი უცნობია. დანიელს მეუღლესთან ერთად კიდევ ორი შვილი დარჩა.

დუმილეს ცხოვრება ტკივილითა და ტრაგედიით იყო სავსე, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მას იუმორის გრძნობა არასდროს დაუკარგავს. ეს ალბათ ადამიანის მთავარი ნიჭია და დუმის, როგორც არტისტის მთავარი მონაპოვარი. “Got more soul than a sock with a hole.” - დუმილეს გენიალურობა მხოლოდ ამ ერთი ფრაზიდანაც შეგვიძლია დავინახოთ.

დუმი სიცოცხლეს ჰელოუნზე დამშვიდობებია. ესეც სიმბოლურია. თან მისი გარდაცვალების შესახებ ახალი წლის ღამეს შევიტყეთ. როგორც დუმილეს შეეფერებოდა, მან ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს ეს დღესასწაულიც გრინჩივით მოგვპარა. იანვარში დანიელი 50 წლის გახდებოდა, თუმცა ვინ იცის, იქნებ ის საერთოდ არც გარდაცვლილა... ის მკვდარი არავის უნახავს. იქნებ ჰიპ-ჰოპის მთავარი ანტაგონისტი მორიგ ვერაგ ტრიუკს გვიმზადებს და რაღაც დროის მერე ახალი პერსონაჟით თავიდან მოგვევლინება. რას გაიგებ, დუმის შესახებ ისედაც პრაქტიკულად არაფერი ვიცით.

როდესაც ლეგენდარული ბრუკლინელი ემსი Jeru The Damaja თბილისში იყო ჩამოსული, მასთან ერთად რამდენიმე დღე გავატარე. ჯერუ ძირითადად მხოლოდ სექსზე და ქალებზე მელაპარაკებოდა, მაგრამ ერთი ისეთი ფრაზა მითხრა, რომელიც ძალიან დამამახსოვრდა: „მე ისეთი რეპერები მიყვარს, მათ ლირიკას როდესაც მოვუსმენ, რომ გამეფიქრება —რა კარგი იქნებოდა ეს ფრაზა ჩემი დაწერილი ყოფილიყო!“ დუმილე სწორედ ასეთი არტისტი იყო. ამიტომაც არის ის შენი საყვარელი რეპერის საყვარელი რეპერი.

„Ever since the womb ‘til I’m back where my brother went - That’s what my tomb will say. Right above my government, Dumile, Either unmarked or engraved, hey, who’s to say?”

RIP Villain

მსგავსი ბლოგები