საჰარის უდაბნო თბილისში მშობლიური მთის არომატით

ავტორი: გია ხადური

9 აგვისტო, 2024

12 წუთის წასაკითხი

2372 ნახვა

ჩვენთან იმდენმა სახელგანთქმულმა, ფასეულმა და უნიკალურმა არტისტმა გამართა უკვე წარმოდგენა-კონცერტები, რომ აღარავის ჩამოყვანა ჩაითვლება საკვირველად, თუმცა Tinariwen-ის კონცერტი თბილისში, რომელიც სექტემბერში გაიმართება,მაინც გამორჩეულ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ ლეგენდარული საჰარელი ტუარეგების შესახებ ჩვენში ასეთუისე იციან და ბევრს მათი მუსიკა მოსმენილიც აქვს, თუმცა უცნაურია რომ „ვიღაცამ“ სერიოზულად მოჰკიდა ხელი ამ კოლექტივის საქართველოში ჩამოყვანას. მუსიკალურ სამყაროში დიდი ავტორიტეტის მიუხედავად, Tinariwen მაინც არ მოიაზრება მეინსტრიმად, არც ე.წ. ალტერნატიულ-ანდერგრაუნდულ ტერიტორიას განეუკთვნება. მათი პოზიციონირება ზოგადად არც ისე ადვილია და ისინი არც ისე მასობრივად პოპულარულნი არიან, უპირობოდ რომ ავსებდნენ დიდ საკონცერტო დარბაზებს. Tinariwen-ის შემოქმედება სპეციფიური და ეგზოტიკურია, ამიტომ მათი მუსიკის ძალა და ხიბლი ყველასთვის გასაგები და ბოლომდე მისაღები ვერ იქნება.

ჩვენში, სადაც აფრიკულ თუ აზიურ თანამედროვე მუსიკას დიდად არც იცნობენ და არც სწყალობენ, კიდევ უფრო რთულადაა საქმე ამ მხრივ, სწორედ ამიტომ, კონცერტის ორგანიზატორების სურვილი თავიანთი მოღვაწეობა სამამულო საგასტროლო ბაზარზე დაეწყოთ Tinariwen ჩამოყვანით, ცოტა გასაკვირიც არის, ცოტა სარისკოც, მაგრამ უაღრესად დამაინტრიგებელიც, მე თუ მკითხავთ უპრეცედენტოც კი, თუ გავითვალისწინებთ ამ საჰარელი როკ მეამბოხეების მუსიკალურ, სოციალურ პოლიტიკტურ ბექრაუნდს და ისტორიას. კონცერტის ორგანიზატორი კი ახალი საპრომოუტერო კომპანია Seahorse Promotion აღმოჩნდა.


Seahorse Promotion 2024 წელს დააფუძნდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მცდელობა, ჩამოეყვანათ ფავორიტი მუსიკოსები, ადრეც ჰქონდათ, მუშაობდნენ კიდეც ამ მიმართულებით, მაგრამ უშედეგოდ. გადამწყვეტი გახდა მათი შეხვედრა ესპანელ პარტნიორთან, საქმე დაიძრა და პირველი, ვინც სიაში ჩაწერეს სწორედ Tnariwen იყო.

„Tnariwen პირველად ვნახე Mezzo-ზე, მას შემდეგ აქტიურად ვუსმენ და მინდოდა ლაივშიც მომესმინა. შარშან მათ წარმოდგენას ბერლინში დავესწარით. ბევრ კონცერტზე ვართ ნამყოფი და ასეთი პერფორმანსი არ გვინახავს: სცენა და დარბაზი თითქოს გაერთიანდა, 1970-იანების სტილში მათი საგიტარო ჟღერადობა და უჩვეულო ჰარმონია დასავლური ყურისთვის სრულიად განსხვავებული იყო. ამას ემატებოდა რიტუალური ცეკვა სცენაზე, ულამაზესი ვიზუალი, ჩაცმულობა და რა თქმა უნდა, სიმღერები - უძველეს ბერბერულ დიალექტზე (ტამაშეკ). განსაკუთრებული გარემო იყო. მუსიკის გარდა, საჰარას უდაბნოს სილამაზის, სიმდიდრის მისტიური გაზიარებაც კი მოდიოდა სცენიდან. ამის შემდეგ დავაფუძნეთ კომპანია და ჩვენი ესპანელი პარტნიორის დახმარებით, მოვახერხეთ ბენდის შემოქმედებით ჯგუფთან შეთანხმება. რთული იყო, ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ, 2024 წლის დასაწყისიდან ტურნეში არიან ნახევარი მსოფლიოს გარშემო. 21 სექტემბრის თბილისის კონცერტი კი მათი ტურნეს ევროპული ნაწილის დასასრული იქნება“.

Seahorse Promotion უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამოდენიმე არტისტთან. პირველ რიგში იმ არტისტებთან, რომლებიც ძალიან მოსწონთ, მათი ნაწილი საკმაოდ პოპულარულია, ნაწილი - ნაკლებად. მუსიკალური ჟანრების და მიმართულების კუთხით, კომპანიის მესვეურებს არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მუსიკოსები და კოლექტივები არიან მათი სამიზნეები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის საპრომოუტერო ბაზარზე სერიოზული და ამბიციური კომპანია გამოჩნდა. დროსთან ერთად, შესამჩნევად გაზრდილია ადგილობრივი პუბლიკა, მათი მოთხოვნებიც, ასე რომ დროული და აქტუალურია ახალი კომპანიის ძალისხმევა.

Tinariwen-ზე, მათ უაღესად დრამატულ, მე ვიტყოდი უპრეცედენტო, ბედისწერაზე და იმ რეზონანსზე, რაც ამ კოლექტივმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია, უახლეს მომავალში და ახალ ტექსტში გიამბობთ, აქ კი მოკლედ აღწერით შემოვიფარგლები.

ბენდის წევრებმა მუსიკის დაკვრა და ჩაწერა სამოქალაქო ომის დროს დაიწყეს, როდესაც ტუარეგები იარაღით ხელში , მალის ხელისუფლებას ტერიტორიალურ-პოლიტიკური დამოუკიდებლობის სტატუსის მოთხოვნით, საჰარის იმ ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ, რომელიც უძველესი დროიდან ბერბერებით არის დასახლებული და რომელთა ნაწილსაც ტუარეგები შეადგენენ. „ტინარივენელებიც“, თავიანთ თანამოძმეებთან ერთად ავტომატებით შეირაღებულნი, უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ამ სასტიკ ბრძოლაში. როდესაც შედარებით სიმშვიდე ჩამოვარდა, მათ ავტომატები გიტარებით ჩაანაცვლეს და საკუთარი იდენტობისთვის დასამკვიდრებლად ბრძოლა მუსიკით გააგრძელეს. მათ კომპოზიციებში საოცრად ორგანულად გადაიკვეთა რეგიონის სხვადასხვა ეთნო-ანთროპოლოგიური ვექტორები (მალიური ბლუზიც, მათ შორის) და თანამედროვე გლობალური როკმუსიკის მიღწევები.

შედეგი იმდენად ორიგინალური და ეფექტური აღმოჩნდა, რომ მთელი მუსიკალური სამყარო მყისვე განიარაღდა. ფენომენალური წარმატების და გავლენიან დასავლურ ლეიბლებსა და სახელგანთმულ მუსიკოსებთან, ხშირი თანამშრომლობის მიუხედავად, Tinariwen მაინც საკუთარი ფესვების, ტერიტორიის და ეთნოსენსიტიურობის ერთგულია - ფიზიკურადაც, ემოციურადაც და სოციალ-პოლიტიკურადაც. მათი შემოქმედება მშობლიური სივრცით იკვებება, ამიტომ არიან ერთდროულად უაღრესად ხელშესახებნი და მეორეს მხრივ ტრანსულ-მირაჟულნი, ისეთი, როგორიც მათი მშობლიური საჰარის უდაბნოა.

სხვათაშორის, დღემდე დავაა, რა იდიომია მათი მუსიკა - „უდაბნოს ბლუზი“?, თუ „საჰარას ბლუზი“? თუ ე.წ. „ტიშუმარენი“? - სპეციფიკური დეფინიცია, რომლითაც დღეს ახასიათებენ რეგიონალურ თანამედროვე როკმუსიკას. ინსაიდერები ყველა ამ განმარტებას ეჭვის თვალით უყურებენ, ასევე არიან თავად მუსიკოსებიც. ამ ყველაფერს დეტალურად სხვა ტექსტში განვიხილავთ, რომელიც „მუსიკის ჰონტლოგიის“ სერიის ეგიდით გამოქვეყნდება, ახლა კი სექტემბრის თბილისურ „ივენთს“ დავუბრუნდეთ: კონცერტის გამხსნელებად (ე.წ. გამხურებლად) ორგანიზატორების მოსაზრებით ადეკვატური ალექსანდრე ხარანაული და მისი ბენდი იქნება, ვფიქრობ ეს ზუსტი მიგნებაა, როგორც იდეურად, ისე აქტუალობის თვალსაზრისით. ეს უკვე ახალი ქართული მუსიკაა, ტერიტორიალური არომატით, ოღონდ ყოველგვარი არქაულობის და ანაქრონიზმისგან დაცლილი, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის ჰედლაინერ Tinariwen - თან.

ალექსანდრე ხარანაულისდილით ამომავალო მზეო”

;

ალექსანდრე ხარანაულის სიმღერები სინამდვილეში უაღრესად პირადულია და მთლიანად ეყრდნობა ავტორის როგორც შესანიშნავ მელოდიურ, ისე პოეტურ სასიმღერო უნარებს, მათში ჯანსაღი ეგოც იკვეთება და მანერულობაც. ეს მანერა ფაქტიურად ფრიკ ფოლკია, როგორც ეძახიან მას ამერიკელი ექსპერტები, ანუ ფოლკის სიმულაცია, თუ უფრო დავაზუსტებთ, აქ ადგილის ეთნოაჩრდილიც იკვეთება, ქანთრი ბლუზის აჩრდილიც (აკუსტიკურ გიტარაში განსაკუთრებით), მაგრამ ეს აჩრდილები ბოლომდე მოუხელთებელია და ამიტომაც ნაკლებადაა გადამწყვეტი. ძალიან დიდი სიამოვნებაა ალექსანდრე ხარანაულის სიმღერების მოსმენა, მისი მუსიკა არავის ბაძავს. ეს ჩვენი მუსიკაა, რომელიც მოხერხებულად ჯდება თანამედროვე, გლობალურ სასიმღერო კულტურაში. მე არ დავსწრებივარ მის ცოცხალ კონცერტს, რომელზეც ის უკვე პატარა ბენდთან ერთად ასრულებს საკუთარ სიმღერებს, ამიტომ ჩემთვის ორმაგად საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნება მისი ნახვა და მოსმენა Tinariwen-ის გამოსვლის წინ.

მინდა ისიც ვთქვა, რომ Tinariwen-ის მოთხოვნები ანუ ე.წ. „რაიდერი“ დიდი პრეტენზიულობით არ გამოირჩევა: ინსტრუმენტები თავისი ჩამოაქვთ, უბრალოდ სცენაზე საკონცერტო აპარატურის ის ნაწილი, რომლის უზრუნველყოფა ორგანიზატორებს ეკისრებათ, უნდა იყოს ანალოგური, ვინტაჟური, ლამპური გამაძლიერებლებით. მათ ასევე მოითხოვეს სპეციალური „პრიმუსი“, რომელიც აუცილებელია ჩაის მოსამზადებელი მოწყობილობისთვის (ჩაი და ეგ მოსამზადებელი ატრიბუტიკა თვითონ ჩამოაქვთ), ასევე აღმოსავლური ტკბილეულობა, გამომშრალი ხილი, ჩირები და ასე შემდეგ, პრინციპული მოთხოვნაა - არანაირი ალკოჰოლი. მოკლედ ასეა თუ ისე, 21 სექტემბერს „მონო ჰოლში“ გაჟღერდება ისეთი მუსიკა, როგორიც სამამულო მსმენელს ცოცხლად საქართველოში არასდროს უნახავს და მოუსმენია - თანამედროვე ჩრდილო-დასავლური აფრიკული ე.წ. როკმუსიკა, უფრო სწორედ ჭეშმარიტი ალტერნატივა იმ როკმუსიკისა, რომელიც 60 წელია მყარადაა დამკვიდრებული დასავლურ კულტურაში. სწორედ ამ მუსიკის პიონერია Tinariwen. მათ მუსიკას სულ სხვა სმენითი ჰორიზონტები შეუძლია გაუხსნას ჩვენს მსმენელს და აღმოაჩენინოს ისეთი სამყარო, რომელსაც აქამდე ან არ იცნობდა, ან მისთვის მხოლოდ გეოგრაფიულ ერთეულს წარმოადგენდა რუკაზე. ისე საინტერესოა, როგორი აკუსტიკურ-მუსიკალური ბმაშედგება სცენაზე ალექსანდრე ხარანაულის ბენდს და Tinariwen-ს შორის, მოხდება თუ არა მთლიანობაში ისეთი მაგია, რომლის გარეშეც არცერთი კონცერტი არ არის შთამაგონებელი? (რაც არ უნდა ვირტუოზები იდგნენ სცენაზე) წესით უნდა მოხდეს. ვნახოთ, აბა.

Powered by VISA

მსგავსი ბლოგები