განსხვავებული სამყაროების შეხვედრის ადგილი

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

1 ოქტომბერი, 2024

9 წუთის წასაკითხი

1237 ნახვა

ქართული მუსიკალური სივრცისთვის ექპერიმენტაცია, ახალი ფორმების ძიება ჯერ მაინც საფრთხილო საქმეა. მიუხედავად ბოლო 10 წლის განმავლობაში დაწყებული დინებისა, ეს ტალღა არც ისე მძლავრია, რომ სრულიად ახალ რელსებზე გადაიყვანოს შემოქმედებითი პროცესი, რომელიც როგორც ყოველთვის ინდივიდუალურ ინიციატივებზე და „მოუსვენარ“ პერსონებზე დგას.

გასულ წელს LTFR კოლექტივის ფარგლებში, რომელიც არ შევცდებით თუ ვიტყვით რომ ქართული ჰიპ-ჰოპისთვის ახალ სიცოცხლის მინიჭებაზეა პასუხისმგებელი, Luna Flowers-ის და Sabana-ს ახალი ინგლისურენოვანი ალბომი, Temple Pharmacy გამოვიდა. სპირიტუალური მოგზაურობა თბილისის ქუჩებში - ასე ხასიათდება ალბომის ძირითადი ხაზი, პროექტი კი მუსიკალური ნაწილის გარდა, დამატებით მედიუმებს აერთიანებს, როგორიცაა 7000-მდე NFT ავატარების კოლექცია. მარტივად Temple Pharmacy ცალკე მდგომი სამყაროა, რომელიც ცდილობს მოყვეს ისტორიები კომიქსების, ანიმაციების, ტანსაცმლის, წიგნებისა და მერჩის სხვა მედიუმების მეშვეობით.

ალბომი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, ტრეკებზე გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეოებმა კი მას დამატებითი მიმზიდველობა შესძინეს. შეიძლება ეს არ იყო Luna Flowers-ის, იგივე Luna997-ის და Sabana-ს საუკეთესო ნამუშევარი, თუმცა ალბომის კონცეფციამ და მედიუმების ურთიერთქმედებამ მაინც ახალი თამასა დააწესა ლოკალური მუსიკოსებისთვის, რომლებსაც საკუთარი შემოქმედების ქვეყნის ფარგლებს გატანა სურთ.

;

თუმცა ალბომის ისტორია აქ არ მთავრდება - მალევე მაქსიმემ მისთვის საინტერესო 18 ქართველი მუსიკოსი გამოძებნა - ყველა სხვადასხვა სტილის, ხასიათის და პერსონაჟის მქონე, განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებებით. 18-ვეს გაუგზავნა ალბომში შესული სიმღერების მხოლოდ ვოკალური პარტიები, მათგან სასურველის ამორჩევა და საკუთარი ინსტრუმენტალური ვერსიის შექმნა შესთავაზა. ასე დაიწყო ამ ისტორიის მეორე თავი, რომელსაც Temples & Pharmacies ეწოდება.

პროცესი საინტერესოდ წარიმართა, რომელიც 18 მონაწილე პერსონაჟის განსხვავებულობით მარტივად აიხსნება. ყველა მათგანმა საკუთარი ფავორიტი ტრეკი აირჩია, ზოგმა რამოდენიმეს წაავლო ხელი. შედეგად ალბომში რამდენიმე აკაპელა სრულად დაიჩაგრა, ვინაიდან არავინ შეარჩია, რამდენიმე კი პირიქით დაწინაურდა და რამდენიმეს ფავორიტი აღმოჩნდა. შედეგად მივიღეთ ამ სამყაროების შეჯახებისა და შეხვედრის ახალი წერტილი, რამაც თავის მხრივ სრულიად ახალი ფორმატი მოითხოვა და საქმეში CES Records და sTia ჩაერთო. ალბომის კონცეფციის, რიგითობების და ბევრი დამუშავების შემდეგ, Temples & Pharmacies ციფრულად 20 სექტემბერს გამოვიდა და 40 ტრეკს მოიცავს, მათგან 14 მხოლოდ ინსტრუმენტალური ვერსიაა.

ალბომი ჩემთვის აქამდე უცნობი პროდიუსერის, დემე არველაძის (კოდური სახელწოდებით #7360) Rain-ის ემბიენთ რემიქსით იწყება - ზოგადად ალბომში ტრეკების თანმიმდევრობა, ალფაბეტის წყობითაა რაც საინტერესო გადაწყვეტაა, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ აღნიშნული მიქსიც საინტერესო მოგზაურობის ზუსტია პრელუდიაა და უტოპიურ, მომავლის ქალაქში პირველად გაღვიძების გრძნობას გვიტოვებს. მას დემეს მეორე მიქსი მოსდევს - Submarine უფრო რიტმულია, მძიმე, მოუხეშავი basskick და ფონურად მიმავალი აბსტრაქტული ჟღერადობა მსმენელის ფანტაზიისთვის დამატებით ადგილს ტოვებს.

Rain-ის ანუშკა ჩხეიძისეული ინტერპრეტაცია მოკლე ფორტეპიანოს ლუპზე და მისთვის არც ისე დამახასიათებელი ბიტის თანხლებითაა.

ამას მოსდევს Faeywa-ს 3 რემიქსი: Flower Wild ატმოსფერული და ჰაეროვანია, Runes - ჩემი ფავორიტია 2010-იანი წლების დასაწყისისთვის დამახასითებელი wonky ბითით, მსუყე სინთებით და განგრძობითი და დრამატული რიტმული პატერნებით, რაღაც Machinedrum-ის მსგავსი ჟღერადობით, Tin-Tin როგორც სათაური მიუთითებს ნიუ ჯერსის club ჟღერადობაა, ჰიპ-ჰოპისა და ჰაუსის გადაკვეთის ცოტა აგრესეული ვერსია.

გიორგი გიგაშვილის და Nikala-ს Surmarine-ის რემიქსი მათთვის დამახასიათებელ ფორმაშია მოქცეული, ფორტეპიანოს მშვიდი ლუპი წინააღმდეგობაში მოდის მაქსიმეს სწრაფ რეჩიტატივთან, რომელსაც თავის მხრივ Nikala-ს ქაოტური ბიტი უბამს მხარს და ეს კონტრასტულობა საინტერესო შედეგს გვაძლევს.

გოგი ძოძუაშვილის უშფოთველ მუსიკას თუ ჰიპ-ჰოპ თხრობა როდესმე მოუხდებოდა ალბათ ვერ წარმოიდგენდით, თუმცა ამისთვის გოგის მხრიდანაც მცირე მუსიკალური დათმობები გახდა საჭირო. Runes-ის ეს ქავერი უფრო სპირიტუალურ გამოცდილებას გავს, რომელიც ალბომის პირველად იდეასთანაც ახლოს დგას.

HVL-ის სამივე რემიქსი მისთვის დამახასითებელი IDM/ Breakbeat/Electro ჟღერადობითაა სავსე, პირადი ფავორიტი კი City Of Amber-ის ვერსიაა. ამას კი გამორჩეული ტრეკი მოსდევს - Milkshake, რომელიც ვერც თავდაპირველ ალბომში ვერ მოხვდა და მისი ორიგინალი ვერსიაც დღემდე ყველასთვის უცნობია, Kordz-ის ფავორიტი აღმოჩნდა და ამაზე ალბათ წლის ერთ-ერთი საუკეთესო საცეკვაო ტრეკი აიგო.

გიორგი ქორიძის Lamp Post ალბომიდან ერთ-ერთი პირადი ფავორიტია, top notch ჰიპ-ჰოპ ინსტრუმენტალი თავის გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ - უფრო Drill n Bass-ისკენ იხრება. submarine-ის მისეული ვერსია - ენერგიული და უკომპრომისოა, რომელიც თავის მსმენელს აუცილებლად იპოვის. Lucky Fled-მა Rain სრულიად განსხვავებულად დაინახა, ერთდროულად ექსპერიმენტული და საცეკვაო ხმოვანება შეურია.

ჰიპ-ჰოპისადმი პირადი განსაკუთრებული სიყვარულის გამო მიშო ურუშაძის “Lamp Post”ალბომის კიდევ ერთი რჩეულია, ამოვარდნილად მოძრავი snare დრამი კი გრუვს უფრო მოუხელთებელს ხდის - მოდუნებულს, თუმცა ფანკით სავსეს.

ნატალია ბერიძის „Flower Wild“-ის ვერსია სიმშვიდის მომენტებითაა სავსე, თითქმის ეთერული და ნატიფი ატმოსფერული ნოტებით ინსტროსპექტულ გარემოს ქმნის, რისგანაც განსხვავებულია „Late Breakfest“, მძიმე ბასებით და უფრო კიბერნეტიკული.

Nikakoi-ის „Flowers“ და „Submarine“-ის რემიქსები, ჰიპნოტურია თუ კეთილშობილურ მომენტებსაც მოიცავს - Progenol-მა „Rain“ უფრო კომპლექსურ და მრავალშრიან ფორმად წარმოიდგინა, ბევრი Aphex Twin-ის და Squarepusher-ის რიტმული შრეებით.

გამორჩეული იყო „City Of Amber“-ის Saphileaum-ის ტროპიკული რემიქსი - პერკუსიული ნარატივი აქ წამყვანია და მალევე ვინაცვლებთ ამაზონის ჯუნგლების სიმწვანით სავსე ლანდშაფტში, კონგებით და შეიკერებით კი ეს განწყობა უფრო მწვავდება და გამორჩეულ მიქს ვიღებთ.

sTia-ს Flower Wild-ის ვერსია, რომელიც რამდენიმე თვით ადრე გამოჩნდა არ შევცდები თუ ვიტყვი რომ ამ კომპილაციის მთავარი ღერძია. ბავშვობის მოგონებებით სავსე ყუთი, რომელმაც შეუძლებელია მსმენელშიც იგივე ეიფორია არ გააღვიძოს.

კომპილაციის ექსპერიმენტულობის ხაზს აძლიერებს City Of Ember-ის თაზო მეიფარიანისეული უკონტროლო რემიქსი, უფრო ლაღია Lamp Post-ის Tbili Orgia-სეული მონახაზი და რიტმული Zesknel-ის Surbmarine-ის Retrix-ი, რომლითაც მთავრდება კიდევ Temples & Pharmacies ეს თავი.

მსგავსი მოცულობის კომპილაციის კურირება და შემდეგ გამოცემა, განსაკუთრებით საქართველოში სადაც მსგავსი შრომაც არც თუ ისე ხშირადაა შესაბამისად დაფასებული, არ არის მარტივი საქმე. მადლობა CES Records რომ ამდენი არტისტის შრომას თავისი დაამატეს და დღეს ეს განსხვავებული სამყაროებით სავსე თარო ჩვენთვისაც ხელმისაწვდომია.

ფოტო : სერა ძნელაძე I ლევან მაისურაძე



მსგავსი ბლოგები