CES Records

ავტორი: ნინო კაკიაშვილი

2 დეკემბერი, 2019

10 წუთის წასაკითხი

23 ნახვა

ყოველწლიურად, უმსხვილეს ლეიბლებზე (Universal, Sony, Warner) მილიარდობით დოლარის მუსიკა იყიდება. თუმცა, მელომანებს, რაღაცატომ, უფრო მეტად გვაინტერესებს, თუ რა ხდება მცირე ზომის, დამოუკიდებელი ლეიბლების სტუდიებში. მიზეზი ორია: აქ ძალიან უყვართ, რასაც უშვებენ და უშვებენ იმას, რაც ძალიან უყვართ. ორივე შემთხვევაში, შრომა დაფასებულია!

CES Records ქართული დამოუკიდებელი ლეიბლია, CES-ის (Creative Education Studio) ერთობ ლოგიკური გაგრძელება, რომელიც ქართველი კომპოზიტორ/პროდიუსერებისა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ლოგიკური იმდენად, რამდენადაც ამ სასწავლებელმა, ფაქტიურად გამოზარდა ის თაობა და გამოცდილება, რომელიც ამჯერად ლეიბლის შემოქმედებით, თუ აღმასრულებელ ძალას წარმოადგენს. აქ, ერთმანეთის შთაგონებით მოქმედების არეალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მუსიკის წარმოების ნიადაგი უფრო და უფრო ნაყოფიერდება!

CES Records-ის, ისევე როგორც CES-ის სულისჩამდგმელი, კომპოზიტორ-პროდიუსერი ნათია სართანიაა, იგივე sTia. მასთან საუბრის შემდეგ, ხვდები, რომ მიუხედავად უზარმაზარი ძალისხმევისა, ახალი გზების გაკაფვითა და გლობალური გამოცდილების ლოკალურზე გადმოთარგმნით, საქმის სიყვარული ბევრად აიოლებს ამ საქმისვე წარმოებას. თავად განსაჯეთ, ლეიბლი ჯერ მხოლოდ ათი თვეა, რაც არსებობს და უკვე 4 სხვადასხვა მოცულობის ‘რელიზსა’ და 11 სხვადასხვა ჟანრის არტისტს აერთიანებს. აქვე წარმოგიდგენთ sTia-თან ჩვენი ინტერვიუს ამონარიდებს და მოკლედ გაგაცნობთ ლეიბლის თითოეულ რელიზს.

როდის დაიწყო და როგორ განვითარდა CES?

CES 8 წელია რაც არსებობს და განათლების პიონერი რეფორმატორი დაწესებულებაა, რომელიც სპეციალიზდება SOUND-სა და დიზაინზე. ამ დროისთვის, 2200 სტუდენტს აქვს გავლილი ესა თუ ის კურსი და სწორედ ისინი ქმნიან დღესდღეობით, ყველაზე ძლიერ მუსიკალურ კომუნას ქვეყანაში. გვაქვს ყველანაირი ადამიანური რესურსი, რომ მოვიძიოთ, დავგეგმოთ და შევასრულოთ მუსიკალური პროდუქტის ყველა ასპექტი, CES-იდან გასვლის გარეშე. ისე რომ, CES Records-ის ჩამოყალიბება ყველაზე ლოგიკური და ბუნებრივი მოვლენა იყო. ამ საკითხში, სრულიად გამოუცდელი ვიყავი და დაწყება ცოტათი მაშინებდა... თუმცა, გამოწვევა მივიღე, დავგუგლე “how to start a record label” და ეტაპობრივად პასუხებს გავყევი. პარალელურ რეჟიმში, ნატალია ბერიძეს ჰყავდა მუსიკის წარმოების სტუდენტების უძლიერესი ჯგუფი, სადაც გოგონები ჭარბობდნენ. ისინი გახდნენ პირველი გამოშვების ავტორები და ასე შეიქმნა ქალი მუსიკოსების კომპილაცია Sleepers Poets Scientists.

CES001

Sleepers Poets Scientists LP - 9 ქართველი ქალი კომპოზიტორის მუსიკას აერთიანებს (sTia, ნატალია ბერიძე, ანუშკა ჩხეიძე, ნაზი ჭავჭავაძე, დეა ბეჟუაშვილი, თამთა გვარლიანი, ანი ზაქარეიშვილი, ქეთი ერისთავი, ეთო გელაშვილი). ალბომის კოპროდუსერები sTia და ნატალია ბერიძეა. დიზაინი და ასევე არაერთი მუსიკალური ვიდეოს რეჟისურა ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ პირველ ქართველ წარმომადგენელს - ნიკა მაჩაიძეს ეკუთვნის. გამოცემულია როგორც ციფრულ პლატფორმებზე, ასევე ორმაგ ფირფიტაზე.

გამოდის, რომ CES ყველანაირი ხელსაწყო/იარაღით ამარაგებს მუსიკოსს, რომ შექმნას არამარტო კონტენტი, არამედ შთამბეჭდავი ყდის დიზაინიც, ჰყავდეს პროფესიონალი ხმის ინჟინერი, ჩამწერი სტუდია და შემდეგ უკვე მარკეტინგის სპეციალისტიც. შენ თვითონ, როგორც მუსიკოსი და პროდიუსერი, რამდენად ერთვები წარმოების პროცესებში?

მარტივად რომ ვთქვა, ყველა რელიზის აბსოლუტურად ყველა ეტაპზე ვარ ჩართული, დაწყებული მუსიკის მოძიებით, კონცეფციის გამართვით, სხვადასხვა დაწესებულებებთან ყველა ტიპის კომუნიკაციით, იქნება ეს ხმის ჩამწერი სტუდია, სტამბა, თუ ფირფიტის დასაპრესი პლანტი, ცეხი თუ ფოსტა, ფირფიტის მაღაზია თუ სადისტრიბუციო ბიურო. მძღოლიც ვყოფილვარ, ინვენტარის მენეჯერიც, გამნათებელიც... ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც საჭიროა ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში.

მომენტი, როცა იგრძენი, რომ ყველა ჭანჭიკი ამუშავდა, მანქანა დაიქოქა და საითაც გინდა იქეთ წაიყვან?

საჭესთან ჯდომას ძალიან მიჩვეული ვარ ცხოვრებაში!

CES002

sTia - RunRun, სინგლი. გამოცემულია როგორც ციფრულ პლატფორმებზე, ასევე ფიზიკური კოპიოთი. ცალკე საკოლექციო დატვირთვა თვითონ შეფუთვას ეძლევა: ქვის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია მუსიკის ნოტი, არტისტ უტა ბექაიას კონცეფცია თუშეთიდან (ფოტო ჟურნალი) და მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძის მოთხრობა „გული“, შექმნილი მუსიკის ინსპირაციით. დიზაინზე მუშაობდნენ ლიზა ასათიანი და ნანიკო შიხაშვილი. მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი და ფოტოგრაფი - დათო ქორიძე.

როგორია ლეიბლის მიდგომა მუსიკის მიმართ?

მუსიკისადმი მიდგომა არის სწორედ ის, რასაც მუსიკალური ლეიბლის სახე ეწოდება. პირველ რიგში ხაზს გავუსვავ რომ CES Records არ შემოიფარგლება არანაირი მუსიკალური ჟანრით და მიმდინარეობით. ჩემს უსაყვარლეს და უძვირფასეს მუსიკას, ხშირ შემთხვევაში 1000-ზე ნაკლები მოსმენა აქვს ხოლმე ინტერნეტ სივრცეში. ასე რომ, ცხადია, CES Records-ის მუსიკალური მიდგომაც ნაკლებად კომერციულია. ვცდილობ მუსიკას მივუდგე როგორც ძეგლს, რომელიც ბევრი წლის შემდეგაც იდგება. ყველაზე მეტად კი ვცდილობ გავერიდო იმ მუსიკალურ ჟანრებს, რაც კონკრეტულად დღეისთვის არის მოდური.

CES003

გიორგი ქორიძის სინგლი Adult Morning. ეს უკანასკნელი მხოლოდ ციფრულ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. როგორც ანოტაცია გვკარნახობს, კომპოზიცია იმ თავისებურ განცდაზეა, უცნაური, იდუმალი სამყაროდან ნამდვილ სამყაროში გამოღვიძებას რომ ახლავს თან.

როგორ ირჩევა ყოველი მომდევნო პროექტი?

ჩემს შემთხვევაში, მუსიკა არის ინსპირაცია, ანუ პირველ რიგში, მუსიკა ირჩევა, რომლის გარშემოც იქმნება კონცეფცია... ან, მუსიკა უკვე თავად კონცეფციის მატარებელია და ამ კონცეფციის გაძლიერებაზე მიდის მუშაობა. მომწონს შემდეგნაირად ფიქრი: მუსიკა/კონცეფცია (ან პირიქით); ფიზიკური კოპია, რაც უკვე ავტომატურად ესთეტიკაზე გადადის და ბოლოს, Live-show. არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოშვების ნაწილი და ეს უსათუოდ მუსიკალური ვიდეოა. ეს ოთხი ელემენტი ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. რელიზზე ფიქრის დროს, ავტომატურად ამ ოთხივე ელემენტს ვგეგმავ. ის, თუ როგორ ირჩევა მომდევნო პროექტი, ჩემთვისაც მისტიკაა...

CES004

Kordz-ისა და ნატალია ბერიძის თანაშემოქმედება - “Celebrity Clouds” EP, გამოცემული როგორც ციფრულ პლატფორმებზე, ასევე ფირფიტის სახით. ფირფიტა გააფორმა თეა ჟორჯაძემ, ხოლო მის დიზაინზე ლიზა ასათიანმა და ნანიკო შიხაშვილმა იზრუნეს. ვიდეოზე იმუშავა ნიკა მაჩაიძემ.

გაქვთ თუ არა საერთაშორისო არენაზე გასვლის მცდელობა?

დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული მთელი ლეიბლის დაწყების პროცესი, რაც თავისთავად გულისხმობს საერთაშორისო არენაზე გასვლასაც. ფაქტიურად მთელი პირველი გამოშვება უკვე შეფუთული გვქონდა, მაგრამ დისტრიბუციის საკითხი კვლავაც მოუგვარებელი იყო. მეტსაც გეტყვით, ისე გამოვეცით პირველი ორმაგი ფირფიტა რომ მხოლოდ ციფრული პლატფორმის დისტრიბუციათან გვქონდა კონტრაქტი. მხოლოდ მესამე გამოცემის შემდეგ გაგვიმართლა და ჩვენი ფირფიტები საერთაშორისო დისტრიბუციაში ჩაეშვა.

რამდენად მნიშვნელოვანია ლეიბლისთვის მუსიკალური კრიტიკის არსებობა და რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ქართულ სივრცეში, მუსიკალური კრიტიკა ფაქტიურად არ არის ქართული მუსიკალური ინდუსტრიის ნაწილი, ვერაფრით ვერ აუწყო ფეხი. რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისი ადამიანები, რომლებიც წერენ მუსიკაზე, თუმცა, ძალიან იშვიათად ქართულ მუსიკაზე, ძალიან იშვიათად ღრმად და მუსიკალურად... ეს არის სასწრაფოდ ამოსავსები ხვრელი. მუსიკალური კრიტიკა პირდაპირ ბმაშია ამა თუ იმ პროდუქტის პოპულარობასა და მის გაყიდვა/რეალიზაციაზე.

ხარისხის რაოდენობასთან უპირატესობა ნებისმიერ წამოწყებას გამოარჩევს... რამდენად შესაძლებელია მსგავსი, ხარისხის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ტემპით სვლა მოცემულ სივრცესა და დროში?

ლეიბლი, რომელიც 2 წელიწადში ერთ გამოშვებას აკეთებს, უფრო პერსონალურ ჰობის ემსგავსება. ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია არ დაკარგო ხარისხი და ორიენტაცია გააკეთო მასზე, თუმცა კი არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე არ დააგდო ტემპი და გქონდეს რეგულარობა. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, სანამ რუქაზე დაჯდები, შეიძლება გაქრე კიდეც. როგორც წესი, ლეიბლის ხელმძღვანელებს, მოდუნების ფუფუნება არ გააჩნიათ. ყველაზე რთულია სწორედ ტემპის შენარჩუნება, რაც საკმაოდ დიდ ენერგიასთან და ფინანსებთანაა კავშირში.


სად ხდება ვინილების წარმოება? რა ტირაჟით უშვებთ? და რა ხიბლი აქვს ფირფიტას?

ფირფიტებს ევროპაში ვპრესავთ. პირველი გამოშვება გერმანიაში R.A.N.D Muzik-ში დავპრესეთ, მეორე კი საფრანგეთში MPO-ში. ორივე 300-იანი ტირაჟით. რაც შეეხება ფირფიტის ხიბლს, ის მის ფიზიკურ არსებობაშია, შეგიძლია შეეხო, შეინახო, თავისებურ, სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს.ბავშვობაში, ხომ გვახვსოვს ყველას, ფირფიტებზე რომ ზღაპრებს ვუსმენდით, რა თბილი შეგრძნება იყო, ალბათ ეგრეა ესეც...

ვისთან და რაზე მუშაობს ლეიბლი ამჟამად და როგორია სამომავლო გეგმები?

სამწუხაროდ, ჯერ არ შემიძლია ჩვენი მომდევნო, მეხუთე გამოშვების არტისტის გამოაშკარავება, მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ იქნება ხმამაღალი! ძლიერი კონცეფცია გვაქვს მეექვსე პროექტისთვისაც... აქაც ვერ დავასახელებ კონკრეტულ მუსიკოსს/მუსიკოსებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ეს რელიზი ქართულ მუსიკალურ არქივს საგრძნობლად გააძლიერებს და გაგვახსენებს, საიდან მოვდივართ.

მიღებული გამოცდილებით, რა რჩევას მისცემდით ადგილობრივ არტისტს?

ერთადერთი რჩევა ის შემიძლია მივცე, რომ გიჟივით უნდა უყვარდეს და გრძნობდეს პროდუქტს, უნდა ჩადოს მთელი არსებული რესურსი და სჯეროდეს, რომ ის ფასეულია. ალბათ უხერხულიც კი არის იმის აღნიშვნა, რომ უნდა ეცადოს არ გაიმეოროს ის ყველაფერი, რაც უკვე შექმნილია... შემდგომ, გულიც არ უნდა დაწყდეს, თუკი მოლოდინს ვერ გაამართლებს... ანდა სულაც, საერთოდ არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი!

რამდენად ჰგავს დღევანდელი CES იმ იდეას, რომლისგანაც დაიწყო ეს ყველაფერი?

ვფიქრობ, იმდენად მოკლე დრო გავიდა შექმნის დღიდან, რომ სრულიად პასუხობს იდეას, რითიც დაიწყო ყველაფერი. ეს ალბათ კარგი კითხვა იქნება 4-5 წელიწადში და თუკი იგივე პასუხს გაგცემთ, ვიამაყებ კიდეც!

მსგავსი ბლოგები