303 Hz

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

22 ივლისი, 2020

9 წუთის წასაკითხი

4 ნახვა

ინფორმაციულ ეპოქაში რომელშიც ვცხოვრობთ, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უამრავი სპეციალობა და პროფესია გაჩნდა, რომლებიც არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურადაც სიახლეა - შესაბამისად, ხშირად უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ბიუროკრატიის და მოუქნელობის გამო ვერ ახერხებენ მალევე შეიმუშაონ პრაქტიკა ამ მიმართულებების სწავლებისთვის.

სწორედ ამ პრობლემის პასუხად, 2019 წელს, 3 მეგობრის მიერ ჩამოყალიბდა პროფესიული სკოლა - 303 Hz - რომელიც მუსიკის და მომიჯნავე სფეროებში, საინტერესო კურსებს სთავაზობს მომხმარებლებს. აქ თავმოყრილია ყველა ის მიმართულება, რომელიც აქტუალურია დღეს მსოფლიოში, შესაბამისად ქართველ ახალგაზრდებშიც.

დიჯეინგი, მუსიკალური თეორია, მუსიკის წარმოება - ეს კურსების მცირე ჩამონათვალია, რომელიც 303 Hz-ში შეგიძლიათ დაეუფლოთ. აქ მუდმივად მიმდინარეობს ახალი კურსების შედგენა და დამატება, ვინაიდან ინდუსტრიის გაფართვებასთან ერთად ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.

თავის მხრივ, ყველა კურსის ლექტორი ადგილობრივ სცენაზე უკვე დამკვიდრებული პიროვნებაა, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას ახალ თაობას გადასცემენ.

1-ელ აგვისტოს, „მზესუმზირის“ ტერიტორიაზე, 303 Hz მეგობრებთან ერთად მინი ფესტივალს გამართავს, რომელიც მათთვის რიგით მესამე ღონისძიება იქნება.

სკოლის სამომავლო გეგმებზე, მარკეტინგის და ღონისძიებების მენეჯერს, ლაშა მარგიანს ვესაუბრეთ:

ლაშა პირველ რიგში გვითხარი, თქვენთან მხოლოდ დამწყებები მოდიან თუ იმ ადამიანსაც შეუძლია მოსვლა, ვისაც უბრალოდ კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვს?

ჩვენს სკოლაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და 0-დან დაიწყოს მუსიკის სწავლა, მაგრამ გარკვეული კურსები მოითხოვს პრერეკვიზიტებს, რაც არის სხვადასხვა ელემენტების მინიმუმ საბაზისო ცოდნა. მაგალითად, ბოლოს დაგვემატა ჯაზის საუბრების კურსი, რომელიც რეზო კიკნაძის ხელმძღვანელობით ტარდება, ეს კურსი მათთვისაა, ვინც უკვე მუსიკის შემქმნელი ან შემსრულებელია. ასევე გვაქვს მიქსინგის კურსი, რომლის პრერეკვიზიტიც მუსიკის წარმოების ცოდნაა, რადგან საგანი პირდაპირ ეხება საკუთარი ნამუშევრების ტექნიკური მხარის გამართვას. საბოლოო ჯამში, ჩვენთან შეიძლება მოვიდეს ადამიანი, რომელსაც მუსიკის არანაირი ცოდნა არ აქვს და ის ადამიანიც, ვინც ჩამოყალიბებული მუსიკოსია.

რა კრიტერიუმის მიხედვით ამატებთ კურსებს - ეს არის თქვენი სურვილი რომ კონკრეტული მიმართულება განვითარდეს თუ აკვირდებით მომხმარებლის სურვილებს და ბაზრის ტენდენციას?

კურსების შერჩევის პროცესში ვცდილობთ გარკვეული მიმართულებები ერთმანეთთან იკვეთებოდეს და საერთო სასწავლო ჯაჭვი იკვრებოდეს. ამასთან ერთად ვითვალისწინებთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს და საერთაშორისო სცენაზე დამკვიდრებულ წარმატებულ პრაქტიკას. ჩვენი დიდი ინტერესია, რომ მუსიკით დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ 1 წლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა მოდულებისგან იქნება გაერთიანებული.

როგორ ფიქრობ, ვინაიდან ინდუსტრია ჩამოყალიბების პროცესშია, რამდენადა არის დაგროვებული საკმარისი პროფესიონალური გამოცდილება, რომ ის ახალ თაობას გადაეცეს?

გარკვეული პრაქტიკა ნამდვილად არსებობს, ბევრმა არტისტმა დღემდე საკუთარ სახლში, საძინებელში წლები გაატარა, რამაც უდიდესი ცოდნა დაუგროვა და დღეს პირდაპირ ხდება ადგილობრივ სცენაზე ამ ცოდნის გადმოტანა. მეორე მხრივ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვასწავლით ჩვენს სტუდენტებს, თითოეული ჩვენი გუნდის წევრიც ბევრს სწავლობს ამ პროცესის განმავლობაში. ნებისმიერი მასწავლებელი, სკოლაში მოსვლის მომენტიდან განვითარების დიდ ტრამპლინზე დგება და ამ განვითარებას თავის სტუდენტებს ბუნებრივად უზიარებს. ვფიქრობთ რამდენიმე წელში ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეცვლის ქვეყანაში არსებული ინდუსტრიის ხარისხს.

როგორია სწავლების მეთოდი თქვენს სკოლაში, წინასწარ ისაზღვრება კურსის სილაბუსი თუ იმპროვიზაციას უფრო დიდი ადგილი უჭირავს?

ნებისმიერი კურსისთვის, ყოველთვის წინასწარ იწერება სილაბუსი, რომელიც კურსის პედაგოგების და მენეჯმენტის ერთობლივი ძალისხმევით დგება. რა თქმა უნდა, პირველადი ხედვა პროცესში ყოველთვის იცვლება, რადგან პრაქტიკა სხვა სურათს გვაჩვენებს და სასწავლო პროგრამაში გარკვეულ მოდიფიკაციებს მუდმივად ვატარებთ.

რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს თქვენს კურსდამთავრებულს ქართულ სცენაზე - დღეს ძალიან ბევრი მუსიკოსია ასპარეზზე - რამდენად არის შესაძლებელი, რომ ადგილობრივმა ვენიუებმა ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხონ?

თითოეული ადამიანის პერსპექტივა ამ სფეროში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ძალისხმევას ჩადებს საკუთარი თავის განვითარებაში. მხოლოდ საბაზო ცოდნის მიღება არასდროს არის საკმარისი, საჭიროა ცოდნის მუდმივი განვითარება და ამ პროცესში საკუთარი თავის პოვნა. ინტერესი უდავოდ დიდია და ეს ტენდენცია ძალიან კარგია, რადგან მაღალი ინტერესი და კონკურენცია პირდაპირ გავლენას მოახდენს ხარისხზე. წლების წინ, მხოლოდ რამდენიმე არტისტი ჩანდა და თითოეული მათი ნამუშევარი ლოკალური მუსიკის მოყვარულებისთვის დღესასწაული იყო, დღეს უკვე საკმაოდ ბევრმა ქართველმა მუსიკოსმა დაიმკვიდრა ადგილი საერთაშიროსო სცენაზე და მსმენელიც მეტად კრიტიკულია.

ვენიუებს რაც შეეხება, რომ გადავხედოთ თბილისში არსებულ კლუბებს, ბარებს, ღია სივრცეებს, ხშირად შეხვდებით ლაინაფებში ერთსა და იმავე არტისტებს, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ სცენას კიდევ ბევრი ახალი სახელის მიღება შეუძლია. კლუბები ყოველთვის ეძებენ ახალ და ნიჭიერ არტისტებს, ამ საკითხზე ხშირად გვქონია დიალოგი.

რამდენად შედის თქვენს გეგმებში რეგიონალური განვითარება, თუნდაც ბათუმში გახსნა, რამდენადაც იქაც შეიძლება არსებობდეს მსგავსი მოთხოვნა?

განვითარების საკმაოდ დიდი ინტერესი გვაქვს და ბათუმიც საინტერესოდ ჟღერს - ამ მომენტისთვის ვაკვირდებით ზღვის პირა ქალაქში არსებულ მდგომარეობას და გარკვეულ იდეებზეც მიდის ფიქრი, რაც შეიძლება ჩვენს ბათუმელ მეგობრებთან ერთად დაიგეგმოს.

თქვენი გუნდი უკვე 1 წელია არსებობს, შეგიძლია რომელიმე წარმატებული სტუდენტის მაგალითი დაასახელოთ, რომელმაც იპოვა საკუთარი თავი ადგილობრივ ინდუსტრიაში?

რა თქმა უნდა - ჩვენი სტუდენტები მუდმივად გვაოცებენ. ესეთი მაგალითი უამრავია, ისინი წარმატებას აღწევენ როგორც DJ-ინგში, ასევე მუსიკის წარმოებაში. გვყავს სტუდენტები, რომლებიც მუსიკას სხვადასხვა ლეიბლების დახმარებით ფირფიტაზე უშვებენ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ყველა მოსწავლეს საცეკვაო მუსიკის წარმოება არ სურს, შესაბამისად ხშირ შემთხვევაში ისინი მუშაობენ სხვადასხვა ჟანრზე და და იდეაზე. ერთ-ერთი მაგალითია “მელქო”, რომელიც სასიამოვნო სინთ-პოპ ჟღერადობის მუსიკას ქმნის.

საინტერესო მაგალითია გიორგი ჯანგებაშვილი, რომელიც Wax D სახელით უშვებს მუსიკას და მისი ერთ-ერთი ნამუშევარი ურუგვაულ ლეიბლზე გამოვიდა ფირფიტის ფორმატით.

ასევე გიგი კეშელავა, რომელიც 1-ელ აგვისტოს ჩვენს ივენთზე, ლაივ შესრულებით წარდგება - ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია და სია უფრო დიდია.

და ბოლოს მოკლედ გვითხარით მეგობრებთან ერთად დაგეგმილი ღონისძიების შესახებ .

1-ელ აგვისტოს ჩვენი ივენთების სერიის მესამე გამოშვება შედგება „ეზო ფესტივალი/მზესუმზირას“ ტერიტორიაზე. გასულმა ორმა ღონისძიებამ „მტკვარზე” და „კაფე გალერიში“ ძალიან კარგად ჩაიარა და აუდიტორიისგანაც საკმაოდ დიდი თანადგომა ვიგრძენით.

პირველში, ფაქტიურად მინი ფესტივალი გვექნება, რომელშიც ჩვენი სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლის მეგობარი არტისტები მიიღებენ მონაწილეობას - მაგალითად HVL რომელიც ლაივ შესრულებით იქნება, ასევე Generali Minerali (Live), Zurkin, DJ Sendnudes, Nebbieri და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, როგორც წინა ორ ივენთზე, 1-შიც გვექნება მათთვის გამოყოფილი სცენა.

ღონისძიებაზე ჩვენი მთავარი მიზანი აუდიტორიისთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზებაა და ლაინაფიც სწორედ ამის მიხედვით შედგა, ამიტომ გვაქვს ლაივ შესრულებებზე აქცენტი გაკეთებული.

მსგავსი ბლოგები